ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები წელს მეორედ მიიღებენ მონაწილეობას სატელევიზიო გადაცემაში „ეტალონი.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დავით კიკნაძის ინფორმაციით, წელს ხარაგაულელ მოსწავლეებს აღარ უწევდათ კონკურსში მონაწილეობა. „გადაცემის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ხარაგაულში სტუმრობისა და მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ წელს ისევ დაუთმოს სატელევიზიო ეთერი ხარაგაულელებს.“

კონკურსში მონაწილეები სკოლებმა შეარჩიეს. ხარაგაულის საჯარო საშუალო სკოლის 45 მოსწავლეს ტესტირება ჩაუტარდა რესურსცენტრში. „გვინდა, რაც შეიძლება გამჭვირვალედ ჩატარდეს შესარჩევი  კონკურსი და არავინ დარჩეს უკმაყოფილო. მთავარია, ნამდვილად წარმატებულმა მოსწავლეებმა იასპარეზონ ხარაგაულის სახელით,“ – ამბობს დავით კიკნაძე.

საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად შესარჩევი ტურის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის უფროსი მამუკა ჭიპაშვილი და გამგეობის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დავით ჩადუნელი.

etaloni_kharagaulshi (2)

 

„ათი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლის შესარჩევად ვატარებთ ტესტირებას. 45 წუთის განმავლობაში მათ 45 შეკითხვას უნდა უპასუხონ. წელსაც, ისევე როგორც შარშან, შეკითხვები მე შევადგინე, – ამბობს დავით ჩადუნელი, – მოსწავლეთა შერჩევის ეს კრიტერიუმი ჩვენი შემუშავებულია. ვფიქრობ, პროცესი გამჭვირვალედ და მაქსიმალურად ობიექტურად მიმდინარეობს.“

მამუკა ჭიპაშვილი: -ხარაგაულელი მოსწავლეების მონაწილეობა „ეტალონში“ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება. კომისიის წევრი ვარ და მიხარია, რომ კარგი საქმე კეთდება. დიდი კონკურენცია იყო. ახლა გაცილებით მაღალი შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა.

etaloni_kharagaulshi (3)

გადაცემა „ეტალონში“ მონაწილეობას მიიღებენ:

ანა კვინიკაძე (წიფის საჯარო სკოლა);

ნოდარ ხიჯაკაძე (ვარძიის საჯარო სკოლა);

ქრისტინე გიორგაძე  (ბორითის საჯარო სკოლა);

მერი ღონღაძე (ვახანის საჯარო სკოლა);

გიორგი კურტანიძე (ხევის საჯარო სკოლა);

მარიამ ხიჯაკაძე (ბორის საჯარო სკოლა);

მიხეილ ლურსმანაშვილი (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია);

ქეთევან ცხადაძე (მოლითის საჯარო სკოლა);

მარიამ თხელიძე (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა);

არჩილ მაისურაძე (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია).

გადაცემა „ეტალონში“ ხარაგაულელ მოსწავლეებს 12 ოქტომბერს ჩაწერენ.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: „ეტალონის“ შესარჩევი კონკურსის მონაწილეები;

სწორდება კონკურსანტთა ნამუშევრები.