ბოლო რამდენიმე კვირაა, ხარაგაულსა და მის მიმდებარე სოფლებში გვალვაა. წვიმა თითქმის არ მოსულა. ტემპერატურა უფრო და უფრო იმატებს.

რავალწლიური საშუალო ტემპერატურის ნორმა  დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +23 C, მთაში +21 C, მაღალ მთაში +17 გრადუსია, თუმცა ბოლო დღეებია, ხარაგაულში 33-37 გრადუსი ტემპერატურა ფიქსირდება. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ზაფხულს საქართველოში არსებულ  ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. 

ამ ფონზე ხარაგაულელი ფერმერები  ამბობენ, რომ ძლიერი გვალვა სოფლის მეურნეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

კიცხელი ვალიკო ხიჯაკაძე ძალიან წუხს, რადგან მაღალი ტემპერატურა ნათესებს ანადგურებს. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში სიმინდია, რომელსაც ფოთლები გაუყვითლდა, დაეხვა და გაუხმა. ფოთლები ჩამოუჭკნა ხეხილსაც. შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს ვენახს, თუმცა მარცვალი მტევნებსაც დაუჭკნა.

,,ასეთი ნაადრევი, ივნისის გვალვა არ მახსოვს. ერთი თვეა, მიწა არ გამღვალა” – ამბობს ვალიკო ხიჯაკაძე და აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მოსავლიანობამ ძალიან იკლო და წინა წლებისგან განსხვავებით,  ნალიას სიმინდის მოსავლით ვეღარ ავსებს. 

“ეს ტემპერატურა ფუტკარზე ძალიან მოქმედებს, რადგან მწერი ყვავილებიდან ნექტარს ვეღარ იღებს”, – ამბობს კიცხელი მეფუტკრე ზურაბ მაჭავარიანი”. ახლა იმდენად ცხელა ფუტკარს სკაში, რომ გარეთ გამოდის და სკას გარედან გუნდად ეხვევა. ეს ფუტკრის ბარტყიანობასაც ამცირებს. 

სარწყავი სისტემის არარსებობაზე საუბრობს ბორითელი დალი ბარბაქაძის ოჯახი, რომელიც, წლებია, ყანასა და ვენახს უვლის. ეკა ბარბაქაძის თქმით, თავიდან სიმინდის მოსავალს კარგი პირი უჩანდა, თუმცა გვალვამ  გაახმო. ბოლო სამი წელიწადია, რაც ბარბაქაძეებს მოსავალი საგრძნობლად შეუმცირდათ. 

“ამის შემდეგ როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, მოსავალს მაინც ზარალი ექნება”, – ამბობს ვახანში მცხოვრები ვეფხვია ღონღაძე. მისი თქმით, ყანაში სიმინდმა სასუქის შეწოვა ვერ შეძლო და ზრდა შეაჩერა. “ახლა ყანას, ვენახს, ლობიოს, კიტრს, პომიდორსა და ბოსტნეულს ზრდის პერიოდი აქვს, მაგრამ სიცხეები მოსავალს  მთლიანად აზიანებს”.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აგრომეტეოროლოგიური განყოფილების უფროსის გიზო ჭელიძის თქმით, სოფელ კიცხში ე.წ. მძიმე გრანულომეტრული შედგენილობის ნიადაგია, ანუ მასში თიხიანი მიწაა. შესაბამისად, ამ ნიადაგიდან წყლის აორთქლება უფრო მეტია და მცენარეს გაზრდაც მეტად უჭირს.

მისი თქმით, ივნისის თვეში 10 დღის განმავლობაში წვიმის ნალექების ნორმის მესამედი მოვიდა, რაც კარგი არაა, თუმცა ჩვეულებრივი მოვლენაა.

“გვალვას ე.წ. ფიონური ქარები იწვევს, რომელიც ნიადაგს აშრობს. მრავალწლიანი კულტურები ჯერ უძლებენ, რადგან ფესვები ღრმად აქვთ, მაგრამ ბოსტნეულისთვის აორთქლება ბევრად დიდია და წყლის შევსება არ არის ისეთი, როგორიც საჭიროა.”

გიზო ჭელიძის თქმით, კარგი იქნება, თუ ფერმერები ნათესების დამუშავებისას გამოიყენებენ ისეთ კომპლექსურ სასუქს, რომელიც  აზოტის, კალიუმისა და ფოსფატის შემცველი იქნება.

მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოს პირობები იძლევა იმის საშუალებას, რომ ფერმერებმა მიწები რაც შეიძლება ადრე დაამუშაონ. “ადრე დათესილი მცენარე  გვალვას უფრო მომზადებული შეხვდება, ფესვი რაც უფრო ღრმად ჩავა ნიადაგში, წყალს უფრო მარტივად მოიპოვებს”.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს უფროსის სვეტა ნიორაძის ინფორმაციით, საქართველოში 9 ივლისიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის გავრცელებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს და 9 ივლისიდან ტემპერატურა 30-25 გრადუსამდე დაეცემა. 

მისი თქმით, ივლისი ნამდვილად  ცხელი იქნება, თუმცა აგვისტოში შედარებით ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.

თამარ ჩხიკვაძე