დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით,  საქართველოს მასშტაბით არსებული 24 საგამოცდო ცენტრი დილის რვა საათზე გაიხსნა.

„აბიტურიენტები დისტანციის დაცვით განთავსდნენ საგამოცდო ცენტრის ეზოში, შემდეგ ეტაპობრივად გადავიდნენ სექტორებში. სექტორებში შესვლამდე თერმოსკრინინგი გაიარეს. ამის შემდეგ ისინი დაცვის პოლიციამ შეამოწმა.  გამოცდა 9 საათზე დაიწყო.  ამ კვირაში მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა გვაქვს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

სოფო გორგოძის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა. ორ აბიტურიენტს გამოცდაზე დააგვიანდა.

პანდემიის გამო საგამოცდო დღეების ოდენობა გახანგრძლივდა და შესაბამისად, ამ კვირაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა იქნება.