
განათლების სამინისტრო სკოლებში სწავლის განახლების ვერსიებს სკოლებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან ერთად განიხილავს.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მოსწავლეები სკოლებში დღეგამოშვებით ისწავლიან.
საუბარია იმაზეც, რომ სკოლის შენობებში გაკვეთილები მხოლოდ I-II კლასელებს ჩაუტარდეთ, უფროსკლასელები კი სკოლაში კვირაში 2 ან 3 დღით მივიდნენ, დანარჩენ დღეებში კი სწავლა ონლაინ გააგრძელონ.
სამინისტროს რეკომენდაციით, ერთ საკლასო ოთახში 15 მოსწავლეზე მეტი არ უნდა იყოს. მოსწავლეებს შორის აუცილებელია დისტანციის დაცვა. საკლასო ოთახების შესასვლელებთან დეზობარიერი უნდა განთავსდეს.
დავინტერესდით, სწავლის განახლების რომელ ვერსიას ემხრობიან ხარაგაულის საჯარო სკოლების დირექტორები.
„საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილი შეუცვლელია, – ამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ხვედელიძე, – ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას მირჩევნია, რომ საკლასო ოთახებისთვის დირექტორის კაბინეტი და სპორტული დარბაზი გამოვიყენოთ. სამ კლასში 20-20 მოსწავლე გვყავს. ამიტომ ვფიქრობ, ამ კლასების გაყოფა მოგვიწევს“.
ბორითის სკოლის დირექტორი სერგო ლაბაძე ორცვლიანი სწავლების მომხრეა. ბორითის სკოლაში ხუთ კლასში 15-ზე მეტი მოსწავლეა და ამ კლასების გაყოფაც, სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, გარდაუვალია.
მცირეკონტინგენტიანია ნადაბურის საჯარო სკოლა. 10 მოსწავლეზე მეტი არც ერთ კლასში არ ირიცხება. ამიტომ ერთცვლიანი სწავლის გაგრძელებას აპირებს ამ სკოლის დირექტორი დოდო ხაჩიძე. ის ამბობს, რომ სკოლაში სველი წერტილი მოწესრიგებულია. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს მაქსიმალურად დაცვას შეძლებენ.
ხარაგაულის #2 სკოლაში 215 მოსწავლე ირიცხება. ეს სკოლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველაზე მრავალკონტინგენტიანია.
„შვიდი კლასის გაყოფა მოგვიწევს, – ამბობს სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე, – ამ კლასებში 15-ზე მეტი მოსწავლე გვყავს. ორცვლიანი სწავლება დაგვჭირდება. სკოლის კოლექტივთან მსჯელობით ვფიქრობთ, რომ პირველ ცვლაში დაწყებითი – I-VI კლასებისა და მესამე საფეხურის – X-XI-XII კლასების მოსწავლები ისწავლიან, მეორე ცვლაში – საბაზო საფეხურის – VII-IX კლასების მოსწავლეები.
კლასების გაყოფა დამატებით ფინანსებს საჭიროებს. ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არც ერთ სკოლას არ ექნება. არ ვიცით, განათლების სამინისტრო დამატებით თანხებს გამოგვიყოფს თუ არა.
უმჯობესია, თუ სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყება, რადგან ონლაინგაკვეთილებზე გავლილი მასალის გამეორება აუცილებელი იქნება“.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტო ყველა სკოლას საჭირო დეზობარიერს, სადეზინფექციო სითხესა და თერმომეტრს შეუძენს.
რა ფორმით განახლდება სექტემბერში სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი, ამის თაობაზე განათლების სამინისტროსგან ოფიციალურ რეკომენდაციებს სკოლები აგვისტოში ელოდებიან.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი მარტიდან არ განახლებულა. მოსწავლეებს სასწავლო წლის ბოლომდე ონლაინ გაკვეთილები უტარდებოდათ.
ნინო კაპანაძე
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.