სოფელ ბაზალეთის სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი იზოლდა ჩიკვაიძე ძალიან კმაყოფილი და გახარებულია იმით, რომ სოფელში ბიბლიოთეკის ფუნქციონირება აღდგა. „38 წელი ვიმუშავე ბიბლიოთეკარად. წლების წინ წიგნები ხანძარს გადავარჩინე. ხუთი წელი ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს სახლშიც ვინახვდი. იანვრიდან კვირაში ერთ დღეს – ხუთშაბათობით მივალ ბიბლიოთეკაში და მოვემსახურები მკითხველს.“
გასული ერთი წლის მანძილზე, რაც სასოფლო ბიბლიოთეკის ფუნქციონირება შეწყდა, ქალბატონ იზოლდას მოსწავლეები და დაინტერესებული ადამიანები სახლში აკითხავდნენ. „თუ მქონდა მათთვის საჭირო წიგნი ან ჟურნალი, რა თქმა უნდა, ვატანდი. ჩემი ანაზღაურება თვეში 40 ლარი იქნება, მაგრამ მიხარია, რომ ისევ საყვარელ საქმეს გავაკეთებ – დავიცავ წიგნებს და მოვემსახურები მკითხველებს,“ – ამბობს იზოლდა ჩიკვაიძე.
2011 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით სასოფლო ბიბლიოთეკების ფუნქციონირება შეჩერდა. ამის მიზეზად ა(ა)იპ საბიბლიოთეკო სისტემის დირექტორი ნანა ლურსმანაშვილი ფინანსების არქონას ასახელებდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ბიბლიოთეკებს მკითხველი აღარ ჰყავდა. თავად ბიბლიოთეკარები მკითხველების სიმცირეს არ უჩიოდნენ. მაგალითად, წიფისა და ლეღვანის სასოფლო ბიბლიოთეკებს წლის განმავლობაში 100, ფარცხნალს – 200-მდე, ბორითს – 300-მდე მკითხველი აკითხავდა. გასულ წელს სასოფლო ბიბლიოთეკები დ. ხარაგაულის გარდა ლაშეში, მოლითსა და ვერტყვიჭალაში ფუნქციონირებდნენ.
2012 წლის პირველი იანვრიდან 12 სასოფლო ბიბლიოთეკის ფუნქციონირება აღდგა. ბაზალეთის, ხიდარის, ბორითის, ღორეშის, ხევის, ლეღვანის, კიცხის, ზვარის, წიფის, თეთრაწყაროს, სარგვეშისა და ნადაბურის სასოფლო ბიბლიოთეკები კვირაში ერთ დღეს იმუშავებენ. „პირველ ეტაპზე იმ ბიბლიოთეკების ფუნქციონირება აღვადგინეთ, სადაც წიგნადი ფონდი დიდია. გავითვალისწინეთ შენობის მდგომარეობაც. გასულ წელს მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ წიგნადი ფონდი შეგვენახა და დაგვეცვა. ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები დავდიოდით, ვამოწმებდით, ვუვლიდით და ვინახავდით. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა სასოფლო ბიბლიოთეკაში წიგნები საუკეთესო მდგომარეობაშია, – ამბობს ა(ა)იპ საბიბლიოთეკო სისტემის დირექტორი ნანა ლურსმანაშვილი, – ბიბლიოთეკების აღდგენის საჭიროება ნამდვილად იყო. ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მკითხველები სოფლებიდან გვაკითხავდნენ. მე მადლობელი ვარ ადგილობრივი ხელისუფლების, რომ გულთან ახლოს მიიტანა ეს პრობლემა და დაგვეხმარა.“
ნანა ლურსმანაშვილის თქმით, სავარაუდოდ, მარტიდან ან აპრილიდან სასოფლო ბიბლიოთეკები ფარცხნალში, წყალაფორეთში, საღანძილესა და ვახანში აღდგება. „ადგილობრივი ხელისუფლებიდან გვპირდებიან, რომ კიდევ რაღაც თანხა გაგვიჩნდება. ჩვენ ყველა სასოფლო ბიბლიოთეკის აღდგენა გვინდოდა, მაგრამ ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკაში გათავისუფლებული თანამშრომელი აღვადგინეთ შტატში. მისი გაშვება არაფრით შეიძლებოდა. ჯერჯერობით, ყველა სასოფლო ბიბლიოთეკის გახსნა ვერ მოვახერხეთ,“ – ამბობს ნანა ლურსმანაშვილი.
ა(ა)იპ საბიბლიოთეკო სისტემის დირექტორის თქმით, წყალაფორეთში შენობა, სადაც ბიბლიოთეკაა განთავსებული, ავარიულია, თუმცა წიგნები დაცულია და კარგ მდგომარეობაშია. „ვეძებთ სხვა შენობას ბიბლიოთეკისთვის. გვეხმარება სკოლის ხელმძღვანელობა, სოფლის რწმუნებული, მაგრამ ვერაფერი მოიძებნა. ჯერჯერობით შენობას საფრთხე არ ემუქრება და წიგნები ისევ იქ დავტოვეთ.“
ვარძიაში წიგნადი ფონდი მთლიანად ჩამოიწერა. წიგნები დაავადდა სოკოთი და თავი იჩინა სხვა დაავადებებმაც. „წიგნები კომისიურად ჩამოიწერა და რვაასამდე წიგნი გადარჩა. როგორც ჩემთვის ცნობილია, შესაძლოა, ვარძიაში ბიბლიოთეკის ახალი შენობა აიგოს. ამჟამად წიგნებს ვარძიის სკოლაში ვინახავთ.“
ნანა ლურსმანაშვილი სასოფლო ბიბლიოთეკების აღდგენას ძალიან დიდ წინსვლას უწოდებს და მომავალში კარგ პერსპექტივასაც ხედავს. „ხელშეკრულებით ავიყვანეთ თანამშრომლები და ხელფასი 40 ლარი დავუნიშნეთ, – გვიამბობს ნანა ლურსმანაშვილი, – მათი დატვირთვაც შესაბამისია – კვირაში ერთი დღე მივლენ ბიბლიოთეკაში. ყველა ბიბლიოთეკარი დიდი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს. მათივე თქმით, ყოფილა წლები, როცა თვეში 16 ლარი ჰქონდათ ანაზღაურება.“
რაც შეეხება ა(ა)იპ საბიბლიოთეკო სისტემის გეგმებს, მიმდინარეობს კატალოგების მოწესრიგება. ამის შემდეგ ბიბლიოთეკის კატალოგები ინტერნეტში განთავსდება. ნებისმიერი მკითხველი ინტერნეტით ნახავს, არის თუ ბიბლიოთეკაში მისთვის სასურველი წიგნი, ადგილზეა თუ არა წიგნი და ა. შ. ა(ა)იპ საბიბლიოთეკო სისტემის დირექტორის ინფორმაციით, წელს აქვთ შესაბამისი თანხა და აუცილებლად შეიძენენ იმ ახალ ლიტერატურას, რომლითაც მკითხველი სისტემატურად ინტერესდება და ითხოვს.
ჯერ კიდევ გასულ წელს ჩამოწერილი ლიტერატურა ბიბლიოთეკას მაკულატურაში უნდა ჩაებარებია. „ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ამ წიგნების ერთად თავმოყრა. გაზაფხულზე მაგ საკითხსაც გადავწყვეტთ და თანხას ისევ ჩვენი საქმიანობის გაუმჯობესებას მოვახმართ,“ – დასძენს ნანა ლურსმანაშვილი.
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან