ჩვენ, ორი სკოლის – ხარაგაულის #2 და გიმნაზიის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ვესტუმრეთ, ხერგილი დავლაშქრეთ, წერს თეა ტალახაძე სოციალურ ქსელში.

ამ პანდემიის პერიოდში არც ექსკურსიის საშუალება გვქონდა და არც ლაშქრობისა. კომუნიკაცია მხოლოდ ონლაინ, – სკოლა-ონლაინ, მეგობრობა-ონლაინ, ცეკვა, სიმღერა, კამათი, სიყვარული, დაბადების დღე – ყველაფერი ონლაინ.

არ მოგვწონდა, მაგრამ შევეჩვიეთ და ამ სახლში დარჩენამ ძალიან შეგვცვალა; დიდიც და პატარაც დაგვსტრესა, დაგვაობა. ერთი დღით გასვლა-განიავების იდეა ყველამ ავიტაცეთ და ხერგილზე წავედით.

ხერგილი ეროვნული პარკის დასაწყისი, კარიბჭე, ჭიშკარია, – სიმწვანესა და და მდინარის სიგრილეში ჩაფლული. იქ ზაფხულის პაპანაქება არ იგრძნობა.

სადმე რომ მიდიხარ, სიხარულთან ერთად ძალიან გენერვიულება. გეფიქრება შემთხვევებზე, საზღვრავ რისკებს და ხარ დაძაბული, თუმცა ყველაფერი კარგადაა და გიხარია.

გავიარეთ მარელისის საკალმახეში, კალმახიც გავაყოლეთ ხელს. სოფლამდე ტრანსპორტით ავედით, მერე, ტყის სიგრილეში, გზა ფეხით გავაგრძელეთ. მალე ახალი ხიდები გაიდება მდინარეზე. გზა მარტივი სირთულისაა და სასიამოვნოდ გასავლელი.

კოტეჯში მთავარი რეინჯერი დაგვხვდა. ლაშქრობის დაგეგმვაში შოთა გოლუბიანი დაგვეხმარა. ბავშვებმა მარინა მასწავლებელთან ერთად ზემოთაც გააგრძელეს გზა, ტყის სიღრმეში შევიდნენ.

რა საჭიროა ლაშქრობა ბუნებაში? რას სწავლობს ამით მოსწავლე? გარემოს, ფლორასა და ფაუნას აკვირდება; სწავლობს ბუნებაში გადაადგილების წესებს, განსხვავებული ხასიათისა და შეხედულებების ადამიანებთან ურთიერთობას, ზრუნვას, მეგობრობას, გარემოს გაფრთხილებას, კოცონის დანთებასა და მწვადის შეწვასაც.

მოზარდი კიდევ ბევრ რამეს სწავლობს. მასწავლებელი მათ მოქმედებას აკვირდები და სამომავლო ლაშქრობაზე ფიქრობ, – რა გამოვიდა კარგად, რისი შეცვვლაა საჭირო. რა მოეწონათ ბავშვებს და რა არ მოეწონათ. აკვირდები მათ სახეებს, საუბარს და ყველაფერს იმახსოვრებ, რომ დღევანდელს მომავალმა აჯობოს.

თურმე როგორ მონატრებით ერთად ყოფნა და ამბების გახსენება. ბევრი ვიცინეთ, იმღერეს, იცეკვეს, ითამაშეს და ირბინეს. ახლა სიმართლეს თუ არ გავექცევით, სირბილში მარინა მასწავლებელს ვერავინ აჯობა.

ფოტოები გადავიღეთ და დათქმულ დროზე ერთი საათით გვიან დავბრუნდით ტრანსპორტთან.
ბავშვებს სჭირდებათ სიყვარული და თანადგომა, მე კი ბევრი ბავშვი ჩემ გარშემო.

P.S. Marina, შენ ხარ ყველაზე ენერგიული, დაუღალავი და შრომისმოყვარე.
Madona, შენ აუცილებლად ჩვენ გვერდით უნდა ყოფილიყავ.
რატომღაც გავერთე ბავშვების ცქერით და ფოტოები და ვიდეოები ნაკლებად მაქვს.
ბავშვებო, სიმღერა დაგრჩათ ჩემთვის ვალად. შემდეგ ლაშქრობაზე იფიქრეთ!

თეა ტალახაძე
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელი