პანდემიის გამო კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალა, თუმცა ღია ცის ქვეშ აქტივობები დაშვებულია. რა ღონისძიებებს უნდა ველოდოთ ხარაგაულში ამ ზაფხულს ამის გასარკვევად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე გვესაუბრება:

– ზაფხულის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსა და დაბა ხარაგაულში ღია ცის ქვეშ თოჯინებით თეატრის სპექტაკლებს გავმართავთ. ჯერჯერობით, არ გვაქვს დაგეგმილი, წარმოდგენები კონკრეტულად სად ჩატარდება.

კულტურის სამსახურის ორგანიზებით ხარაგაულში მიზანში სროლის ტრადიციულ ჩემპიონატს გავმართავთ.

აგვისტოში ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მუსიკალურ-ინსტრუმენტალური ჯგუფი „გრავეს“ კონცერტია დაგეგმილი. ჯგუფის წევრები კონცერტისათვის რეპეტიციებს უახლოეს ხანებში განაახლებენ.

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, მცირე ჯგუფების მონაწილეობით, ლაშქრობებს გამართავს. დაგეგმილია მინიფეხბურთის ჩემპიონატი და ნოდარ ახალკაცის სახელობის ფეხბურთის ტურნირი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში ტრადიციული დოღი გაიმართება. წლების განმავლობაში ვახანში დოღთან ერთად ჭიდაობის ჩემპიონატიც იმართებოდა. ვინაიდან ჭიდაობა ნებადართული არ არის, ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ დოღი იგეგმება.

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ტრადიციული ფესტივალისთვის „თეატრალური იმერეთი“ სპექტალის რეპეტიციებს, რეკომენდაციების დაცვით, ივლისიდან განაახლებს.

რაც შეეხება შენობებში გასამართ ღონისძიებებს, შემოქმედებითი და სპორტულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების მეექვსე ეტაპი 6 ივლისიდან იხსნება. ამის შემდეგ უკეთ გვეცოდინება, კიდევ რისი ჩატარების შესაძლებლობა გვექნება ზაფხულში“, – ამბობს ირინე ჩხეიძე.

დაგეგმილი ღონისძიებების თარიღები ჯერ კიდევ ზუსტდება.

თუ ზაფხულის განმავლობაში სპორტულ ღონისძიებებზე დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდა, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი ხარაგაულში რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს.

„ზაფხულში აუცილებლად ჩატარდება უკვე ტრადიციად ქცეული ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი, – ამბობს ინიციატორთა კავშირის დამფუძნებელი მირიან შარიქაძე, – 11 და 12 ივლისს გაიმართება ფრენბურთის ჩემპიონატი. ეკოლოგიური მიმართულებით დაგეგმილია ორი აქტოვობა სექტემბერში ჩატარდება სუმოს ჩემპიონატი „დევების ბაშო“ და დარტსის ტურნირი. დაგეგმილი ღონისძიებების დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება“.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი ხარაგაულში, 2019 წელი