რით განსხვავდება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა ძველისგან და რამდენად მორგებულია ის მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს, – ამ საკითხებზე კიცხის სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი და მარელისის სკოლის მასწავლებელი ნათია შარიქაძე საუბრობენ.

– კიცხის სკოლაში ორი პრაქტიკოსი და ერთი მაძიებელი მასწავლებელია, – ამბობს თამარ წიწილაშვილი – ახალი სქემის მიხედვით მასწავლებლის ყველაზე დაბალი სტატუსი იქნება არა „პრაქტიკოსი“, არამედ „უფროსი“ მასწავლებელი, უმაღლესი სტატუსი კი – „მენტორი“.

პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდის ჩასაბარებლად 2020 წლის სექტემბრისთვის დარეგისტრირდნენ. თუ მათ გამოცდა ვერ ჩააბარეს, წლის ბოლოდე ხელშეკრულება მაინც არ შეუწყდებათ. თუმცა, თუ სკოლაში სერტიფიცირებული მასწავლებელია, ვალდებული ხარ, პრაქტიკოსის საათები მას მისცე.

უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც სტატუსის ასამაღლებლად ღია გაკვეთილები ამ სასწავლო წლის ბოლომდე ჰქონდათ დაგეგმილი, გაკვეთილებს შემოდგომაზე ჩაატარებენ, თუ არა – მაშინ გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა, რომლებიც უკვე წამყვანი მასწავლებლები ვართ, მენტორის სტატუსისთვის გამოცდის ჩაბარებას ვაპირებთ. თუმცა გამოცდამდე სქემით გაწერილი სხვადასხვა აქტივობის გავლა მოგვიწევს.

გასული სასწავლო წლის დასაწყისში ერთი პრაქტიკოსი პედაგოგი, რომ იტყვიან, „კბილებით დავიცავი“ და პროფესიული წინსვლის შანსი მივეცი. სერტიფიცირებული მასწავლებელი გთხოვს, რომ საათები მას ეკუთვნის. მართალია, მაგრამ ძნელია თანამშრომელი სამსახურის გარეშე დატოვო.

ახალი სქემა, ვფიქრობ, მასწავლებლის განვითარებაზეა მორგებული. 2010 წლიდან დაინერგა სასერტიფიკაციო გამოცდები. ათი წელი გავიდა და ერთ კრედიტს რომ ვერ აიღებ, სახელმწიფოს რაღას ედავები?!

მარელისის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნათია შარიქაძე მასწავლებლის მაძიებლის პროგრამაში გასული წლის სექტემბრიდნ ჩაერთო. ნათიამ ამ პროგრამის თეორიული მასალა წარმატებით დაძლია. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, 15 იანვრიდნ 15 ივნისამდე 10 ღია გაკვეთილი უნდა ჩაეტარებინა. პანდემიამ ნათიას ხელი შეუშალა და ღია გაკვეთილებს სექტემბრიდან ჩაატარებს. ნათია იმედოვნებს, რომ 2020 წლის ბოლოსთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს.

– ვფიქრობ, რომ ახალი სქემა კარგია და გამოცდის ჩაბარება სტატუსის ასამაღლებლად უფრო უმჯობესია, ვიდრე სხვადასხვა აქტივობებით კრედიტების „შეკოწიწება“, – ამბობს ნათია შარიქაძე.

ნინო კაპანაძე