საბავშვო ბაღებში სწავლა, ჯერჯერობით, არ განახლებულა, სახლში მყოფ აღსაზრდელებს მშობლებისგან მეტი ყურადღება სჭირდებათ.

რა პრობლემების წინაშე დააყენა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები სწავლის შეწყვეტამ, ამის შესახებ ხარაგაულელი დედები გვესაუბრებიან.

ნინო მღებრიშვილი 5 წლის შვილს ხან მამასთან ტოვებს, ხანაც – ძიძასთან. ის საავადმყოფოში მუშაობს და თუ დამტოვებელი არ ჰყავს, ბავშვი სამსახურში მიჰყავს. თუმცა მასთან ერთად მუშაობა ძალიან უჭირს.

„როგორ ჭკვიანადაც არ უნდა იყვნენ ბავშვები, მათ დიდი ყურადღება სჭირდება. ძალიან ვწვალობ, კორპუსში მეხუთე სართულზე ვცხოვრობ. ბავშვებს ვერაფრით შევინახავდი, ამიტომ სოფელში ბებოსთან წავიყვანე. თუმცა, ჩემს დედამთილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მათი მოვლა უჭირს. ამიტომ სამსახურის შემდეგ ყოველდღე სოფელში მივდივარ. საბავშვო ბაღი ჩემთვის დიდი შეღავათი იყო“, – ამბობს ოთხი შვილის დედა მეგი ფერაძე.

ნატო ჭიპაშვილი ბარბარეს სახლში და-ძმასთან ტოვებს.

„მეუღლეც მუშაობს. ბავშვებს შინ მარტო ვტოვებ. ძალიან მეშინია და სულ იმაზე ვფიქრობ, საღამოს როგორ დამხვდებიან. გასულ წლებში ხარაგაულის საბავშვო ბაღში ზაფხულის განმავლობაში მორიგე ჯგუფი ფუნქციონირებდა და შვილი იქ დამყავდა. ახლა კი, უკვე 4 თვეა, ბარბარეს დატოვებაზე ძალიან ვწვალობ“, – ამბობს ნატო ჭიპაშვილი.

მარინე ხვედელიძეს პატარა დემეტრეს დატოვება არ უჭირს, რადგან დედასა და დედამთილს მისი დახმარების შესაძლებლობა აქვთ. თუმცა მას სხვა რამ აშფოთებს: „დემეტრე მომავალ წელს საბავშვო ბაღს ამთავრებს და ეს ერთი წელი სკოლისათვის უნდა მოემზადოს. მისთვის თანატოლებთან ურთიერთობა და საბავშვო ბაღში აღზრდა აუცილებელია.

პანდემიის გამო საბავშვო ბაღების მუშაობა სექტემბრიდან რომ არ განახლდეს, ჩემს შვილს და მის თანატოლებს პირველ კლასში სწავლა ძალიან გაუჭირდებათ. ერთხელ დემეტრემ ღამით გაიღვიძა და მკითხა, მეორე დღეს ბაღში თუ წავიყვანდი. ბავშვებს თანატოლებთან ურთიერთობა ენატრებათ. მათ ამ ურთიერთობას ვერავინ შეუცვლის, – ვერც მოსიყვარულე, მზრუნველი და მასთან ერთად მოთამაშე მშობელი“, – ამბობს მარინე ხვედელიძე.

„მაქვს მოლოდინი, რომ  სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებში სკოლებთან ერთად სექტემბერში განახლდება, თუმცა ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის რეკომენდაცია, ან მითითება არ მიმიღია”, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი.

კორონავირუსის პანდემიის გამო საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლა მარტიდან შეწყდა.

თამთა გოგოლაძე