პირველი ივლისიდან  I ჯგუფის შშმ პირთა პენსია 30  ლარით იზრდება. 250 ლარს, რომელიც პირველი ჯგუფის შშმ პირებისთვის ყოველთვიურად განისაზღვრა, მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში, პანდემიის გამო, კიდევ ასი ლარი ემატება.

– დღევანდელ პირობებში ეს თანხა, რა თქმა უნდა, არასაკმარისია, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში მცხოვრები ზეინაბ ტაბატაძე, – ადამიანი, რომელიც ეტლსაა მიჯაჭვული და საკუთარ თავს მარტო უვლის, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია.

ზეინაბ ტაბატაძე ათი წლის წინ ავტოავარიაში მოჰყვა და მას შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ის ხუნევის სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა. ახლა ეტლით ეზოშიც ვერ გადის.

ფულადი შემწეობის დასანიშნად სოციალური მომსახურების სააგენტოს პერიოდულად მიმართავს, მაგრამ – უშედეგოდ.

თვეში საშუალოდ 100 ლარის მედიკამენტები სჭირდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორჯერ ისარგებლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით და ას-ასი ლარი მედიკამენტების შესაძენად მიიღო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მეორე წელია, ყოველთვიურად 30 ლარი დენის გადასახადის დასაფარად ერიცხება.

მას არ აქვს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში ამჟამად მოქმედი სოციალური პროგრამების შესახებ. ზოგადად, ინფორმაციას ტელევიზორიდან იღებს. მცირე პენსიის გამო მაგთის ყოველდღიური ოცთეთრიანი ინტერნეტპაკეტით სარგებლობს, ისიც – იშვიათად.

ხაშურში უროლოგთან ჩასვლა ხშირად სჭირდება. თუმცა, პანდემიის პირობებში ეს ვეღარ შეძლო. ამიტომ ექიმისგან კონსულტაციებსა და დანიშნულებას ტელეფონით იღებს. დიდი ხანია ვერც მასაჟების კურსს იტარებს.

ზეინაბ ტაბატაძე ხუნევში 91 წლის მამიდასთან ერთად ცხოვრობს. თუ ადრე ზეინაბზე მამიდა ზრუნავდა, ახლა მისი პატრონი ზეინაბია. ეტლს მიჯაჭვულმა საჭმელიც უნდა მოამზადოს, საკუთარ თავსაც უნდა მიხედოს და მამიდასაც ყურადღება მიაქციოს. ამიტომ ზეინაბის სურვილი, რომ სახლში მოსწავლეები ამეცადინოს, ოცნებად რჩება.

პანდემიის დროს შშმ პირებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები ზეინაბ ტაბატაძეს არ მიუღია. ადგილობრივი თვითმმართველობა საკვები პროდუქტებით 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებსა და შშმ პირებს დაეხმარა. თუმცა, საკვები პროდუქტებით ზეინაბ ტაბატაძის 91 წლის მამიდას არ დახმარებიან.

– ლუკმა-პური არ გამჭირვებია, მაგრამ როცა დახმარება მეკუთვნის, უნდა მივიღო, – ამბობს ზეინაბ ტაბატაძე.

P.S. ხუნევის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე ამბობს, რომ მართალია, ზეინაბ ტაბატაძეს საკვები პროდუქტებით ვერ დაეხმარენ, მაგრამ მის სახელზე ერთჯერადი ფულადი დახმარება – 50 ლარი ჩაირიცხა.

ნინო კაპანაძე