პროფესიით ფილოლოგმა ანა გოლუბიანმა გადაწყვიტა, თავის სხვა ინტერესებსა და გატაცებებში დახელოვნებულიყო. ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პროფესიულ სასწავლებლებს მიაშურა.

ჯერ კოლეჯ „მერმისში“ გაიარა სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის კურსი, შემდეგ პროფესიული განათლების მიღება კულინარიაში გადაწყვიტა. კოლეჯში „იკაროსი“ მსოფლიო დონის სპეციალისტ მანუელ ფაუნდეზ ბარანდასგან საინტერესო გამოცდილება და ცოდნა მიიღო.

ანას კულინარია ბავშვობიდან განსაკუთრებით იტაცებდა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ წარმატებით გრძელდებოდა მისი ამ სფეროში განვითარება. პოლონეთში კონკურსში უნდა მიეღო მონაწილეობა. თუმცა, პანდემიამ ეს კონკურსი გადადო. კოლეჯშიც, რამდენიმე თვეა, სწავლა შეწყდა. ამის მიუხედავად, ანა პროფესიად ქცეულ საკუთარ გატაცებას თავს არ ანებებს. მის მიერ შექმნილი ტორტები თემატურობითა და ორიგინალურობით გამოირჩევა.

„ტორტების ცხობით პატარაობიდანვე დავინტერესდი. დედა რომ ნამცხვარს ან ტორტს აცხობდა, ყოველთვის ვაკვირდებოდი და ამ პროცესში მეც ვერთვებოდი. პირველი ტორტი დამოუკიდებლად 12-13 წლის ასაკში გამოვაცხვე და მას შემდეგ ეს საქმე მთლიანად მე გადმოვიბარე, რადგან მზადებისა და ცხობის პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

კიდევ უფრო სასიამოვნოა, როდესაც შენი ნახელავით შეგიძლია სხვაც გააბედნიერო. ბევრი რამის სწავლა მოვასწარი კოლეჯში. ყველაზე მეტად კი ინტერნეტი დამეხმარა. ვეძებ და ვეცნობი ინფორმაციას საკონდიტრო საქმიანობის შესახებ, ვნახულობ ვიდეოებს და ვცდილობ ვისწავლო ყველაფერი, რაც ამ სფეროს ეხება“.

საკონდიტრო საქმიანობა კულინარიის ფაქიზი განხრაა, რომელიც განსაკუთრებით დიდ ენერგიას მოითხოვს. მთავარი კი მაინც ისაა, რომ ეს საქმე უნდა გიყვარდეს.

„სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე პროფესიას დავეუფლე, – ამბობს ანა, მაგრამ ჩემთან ყველაზე ახლოს სწორედ ეს საქმიანობაა. ცომთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიმშვიდეს მანიჭებს. დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ფიგურებსაც, შედეგი კი მეც ისევე მახარებს, როგორც ტორტის ადრესატს“.

ტორტის გაკეთებას სახლის პირობებში რამდენიმე საათს ანდომებს, რადგან თითოეული ბისკვიტი ცალკე უნდა გამოცხვეს. „განსაკუთრებით დიდ დროს გაფორმება მოითხოვს,- აღნიშნავს ანა, – თუმცა, როცა შედეგად იმას იღებ, რაც ჩაფიქრებული გქონდა, ყოველგვარი დაღლა გავიწყდება“.

ტორტის ცხობა რთული პროცესია, ყველა ეტაპს განსაკუთრებული სიფრთხილე, ყურადღება და სიმშვიდე სჭირდება. განსაკუთრებით საყურადღებო ბისკვიტზე მუშაობაა. „სულ რამდენიმე გრამს, რამდენიმე გრადუსს, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

თუმცა, ყველაზე მეტად, ვფიქრობ, ადამიანის განწყობა მოქმედებს, – როგორც ყველა საქმიანობაში, ისევეა აქაც. მთავარია პოზიტივი, საქმისადმი სიყვარული და მოლოდინი, რომ ყველაფერი იდეალურად გამოვა. და ასეც იქნება…“
ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოზე – ანა გოლუბიანი და ანას ტორტები