საქართველოში პირველი ივლისიდან პენსია იზრდება. ფასების მატებასთან ერთად ქვეყანაში ლარი ინფლაციას, ფასები – ზრდას და ეკონომიკა – ვარდნას განიცდის.
მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან 70 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების პენსია 250 ლარი გახდა. საპენსიო დანამატი 30 ლარს შეადგენს, რომლითაც მთელი საქართველოს მასშტაბით 410 ათასზე მეტი პენსიონერი ისარგებლებს.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის პენსია 300 ლარი გახდა.
პენსიის მატების შესახებ ეს გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს არ ეხებათ.
საქართველოს სტატისტიკური სამსახურის 2020 წლის აპრილის მონაცემებით, პანდემიის პირობებში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა. ფასები გაიზარდა საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და ტანსაცმელზე.
რა ხდება პენსიონერებისთვის, რა საჭიროებებს ახმარენ პენსიას და რამდენად რეალური შეღავათია მათთვის პენსიის 30 ლარით მომატება; რა შეღავათს მისცემს 70 წლის ზემოთ ასაკის პენსიონერებს 30-ლარიანი დანამატი იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საქსტატის 2020 წლის მაისის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 189.60 ლარს შეადგენს.
რვა წელია, რაც 85 წლის გურამ კვირიკაშვილი თბილისიდან ხარაგაულში საცხოვრებლად დაბრუნდა. ბატონი გურამი ამბობს, რომ თავისი და მეუღლის პენსია მათი ერთადერთი შემოსავალია. მთელი პენსია მედიკამენტებსა და კომუნალურ გადასახადებს ხმარდება. აფთიაქში მხოლოდ პარასკევობით დადის, რომ წამლები ფასდაკლებით შეიძინოს.
– შარშან პენსიაზე რომ 20 ლარი მოგვიმატებს, ფასები სულ მცირე 35 ლარით მაინც გაიზარდა; ანუ, რაც მოგვიმატეს, ფაქტობრივად, უკვე დახარჯული იყო. პანდემიის პირობებში ფასები კიდევ უფრო გაზრდილია და 30-ლარიანი დანამატი შეღავათს არ წარმოდგენს. პენსიის მატება, რასაკვირველია, 60 წლის ადამიანსაც სჭირდება, – ამბობს გურამ კვირიკაშვილი. თუმცა, მთავრობის მაინც მადლიერია, რადგან „პენსიაც რომ არ ჰქონოდა, მაშინ არ იცის, რას იზამდა“.
გურამ კვირიკაშვილის მსგავსად, გაზრდილ ფასებზე საუბრობს 79 წლის თადული გაჩეჩილაძე, რომელიც ხარაგაულში მარტო ცხოვრობს. მხედველობის პრობლემების გამო მედიკამენტების შესაძენად თვეში 100 ლარამდე სჭირდება.
– მთელი პენსია მედიკამენტებსა და კომუნალურებში მეხარჯება. ზამთარში, როცა გათბობას ვრთავდი, ყოველთვის 100 ლარზე მეტის გადახდა მიწევდა, – ამბობს თადული გაჩეჩილაძე, – მართალია, პენსია საკმარისი არ არის, მაგრამ სხვა რა გზაა, უნდა ვიმყოფინო. მომატებულ პენსიას მაინც სიხარულით ველოდები. ის თანხა პურის ფულში მაინც წამწევს წინ.
პროფესიით მასწავლებელი, 77 წლის ამალია გუდაძე სოფელ წიფაში ცხოვრობს. წიფა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ატარებს და შესაბამისად, საპენსიო დანამატიც მეტად იზრდება. პენსია მისი ერთადერთი შემოსავალია. ქალბატონი ამალია ამბობს, რომ ეს სიახლე, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და იმედის მომცემია. თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე, თანხა საკმარისი იშვიათად არის. ის მადლობას უხდის ხარაგაულის ადგილობრივ თვითმმართველობას, თვალზე ოპერაციის დაფინანსებისთვის.
სოციალურ ქსელში საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ გადაწყვეტილება საპენსიო დანამატის შესახებ, 60 წლის ადამიანებს არ შეეხო.
მარინა დეკანოსიძე იმ პენსიონერთა შორისაა, ვისაც ჯერ 70 წელი არ შესრულებიათ და შესაბამისად, პენსია არ ეზრდებათ. მას აწუხებს წნევა, დიაბეტი და ხერხემლის პრობლემები. ამბობს, რომ პენსიის მომატება მისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა, რადგან ხშირად თანხა ყველა საჭირო წამლის შესაძენად არ ყოფნის.
ფინანსისტისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტის, ზვიად ხორგუაშვილის თქმით, ასეთი გამორჩევა ძალიან უცნაურია და ამას აზრი იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს, თუ საქართველოში ღირსეული პენსია იქნებოდა.
– 65 წლის ადამიანის საცხოვრებელი პირობები არაფრით განსხვავდება 70 წლის ადამიანის პირობებისგან. ორივე ასაკის ადამიანები ერთნაირად ცუდად, მძიმე პირობებში ცხოვრობენ და ამიტომაც არის ხელისუფლების ეს ნაბიჯი გაუგებარი, – ამბობს ის.
მისივე თქმით, საპენსიო დახმარება სახელმწიფოში ძალიან დაბალია, საქართველო ღარიბი ქვეყანაა. თუმცა ეს ობიექტური მიზეზი არ აძლევს ხელისუფლებას უფლებას, რომ საქმე არ გამოასწოროს.
– ინფლაცია 7 %-ია. კორონაკრიზისმა ყველაზე მეტად გაჭირვებული მოსახლეობა და მათ შორის სოფლის მოსახლეობა დააზარალა. ფასების ზრდა, უმეტესწილად, წამლებს, ჯანდაცვას და საკვებს შეეხო. მათი ფასი, ბოლო ერთ წელიწადში, 15%-ით გაიზარდა. პენსიონერები და შშმ პირები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან და მძიმე პირობებში ცხოვრობენ“.
ზვიად ხორგუაშვილის თქმით, მთავრობა ცუდ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. ხელისუფლებამ „ქამრების შემოჭერა“ უნდა შეძლოს, ხარჯები როგორმე როგორმე შეამციროს, არარეალურ პროექტებს თანხა მოაკლოს და უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერა გაჭირვებული ადამიანების სოციალურ საპენსიო დახმარებაში მიმართოს.
თამარ ჩხიკვაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.