ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში 15 სექტემბერს სწავლა154-მა პირველკლასელმა დაიწყო.

ბაზალეთის საჯარო სკოლაში ორი პირველკლასელია – მარიამ თაბაგარი და ილია კაპანაძე.

 

სწავლის დაწყების დღეს საზეიმო ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა იზოლდა ოკრიბელაშვილმა აღნიშნა, რომ სწავლის დაწყება მასწავლებლისა და მოსწავლის კეთილი შეხვედრაა. „იწყება ცოდნასთან, ცხოვრების მაღალი საფეხურების დაპყრობისკენ მისასვლელ გზასთან მიახლოება. ამისთვის კი საჭიროა წიგნიერება,“ – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

იზოლდა ოკრიბელაშვილმა შეკრებილთ სიახლე გააცნო, – სკოლას მოსწავლეთა გადაადგილებისთვის ტრანსპორტი მოემსახურება.

სწავლის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე გასული სასწავლო წლის მონაცემების მიხედვით მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოვლენილი აქტიური მასწავლებლები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.

იზოლდა ოკრიბელაშვილის თქმით, ბაზალეთის სკოლა აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პროექტებში და ქვეყნის მასშტაბით საუბრობდნენ სკოლის მიღწევებზე. სიგელებით დაჯილდოვდნენ მასწავლებლები თეა ტალახაძე, ნინო გურეშიძე, ფიქრია ტალახაძე; მოსწავლეები კესო ჩხიკვაძე, თენგიზ კამკამიძე, ანა კალანდაძე, ლიკა სიხარულიძე, გიორგი კვირიკაშილი, როდამ პაკელიანი, გულნაზი მაქაძე, მარიამ კვირიკაშვილი, მარიამ მაქაძე, ლია კამკამიძე, მარინა კამკამიძე, ხატია შველიძე, ირაკლი კამკამიძე, რამაზ კალანდაძე, შალვა ნიორაძე.

ახალი სასწავლო წლის დადგომა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა მიულოცა. მან აღნიშნა, რომ ბაზალეთის სკოლაში ყველა პირობაა ხარისხიანი განათლების მისაღებად.

მშობელ ინგა კვინიკაძისთვის გამორჩეული სასწავლო წელია, რადგან მისი შვილი პირველკლასელი გახდა. ის დარწმუნებულია, რომ სკოლაში განსაკუთრებული მზრუნველობაა მოსწავლეებისადმი.

„ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი ლამაზი და მოტივირებული პირვეკლასელებით. გული მხოლოდ მათ სიმცირეზე მწყდება. ხშირად უთქვამთ რაიონის სკოლებში, რომ ბაზალეთიდან ყოველთვის მოსწავლეთა ძლიერი ნაკადი მიდის. იყავით ჯანმრთელები, ლაღები და წარმატებულები. თქვენზეა დამოკიდებული ამ სოფლის მომავალი. არ მიატოვოთ ბაზალეთი,“ – აღნიშნა პირველი კლასის მასწავლებელმა ნინო გურეშიძემ.

ნინო მასწავლებელი გეგმავს, რომ პირველკლასელებთან ჯიპრაიდული გაკვეთილები ჩაატაროს. მას კლასკომპლექტში მოუწევს მუშაობა.

„კლასკომპლექტი იმიტომ არის რთული, რომ კონცენტრაცია და მობილიზება უჭირთ მოსწავლეებს. ერთი კლასი დამოუკიდებლად მუშაობს და ამ დროს მეორე – სხვა აქტივობაშია ჩართული, – ამბობს ნინო მასწავლებელი, – ამიტომ პირველ და მესამე კლასელებს ქართული და მათემატიკა უტარდებათ ცალცალკე. სხვა საგნებში კი ისეთ საერთო აქტივობას მოვძებნიოთ, რომელიც ორივე კლასის ჩართულობას ითვალისწინებს.“

საზეიმო ღონისძიების შემდეგ ბაზალეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ეს ტრადიცია სკოლაში შვიდი წლის წინ დამკვიდრდა.

ნინო კაპანაძე