კორონავირუსის პანდემიის გამო სამუსიკო სკოლებში სასწავლო წელი არც თუ ისე სახარბიელო შედეგებით დასრულდა.

კლასიდან კლასში გადასაყვანი და გამოსაშვები გამოცდები ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სამუსიკო სკოლაში არ ჩატარებულა. სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე ამბობს, რომ მოსწავლეები პირველი სემესტრისა და თებერვალში მეცადინეობებზე მიღებული ნიშნების მიხედვით შეაფასეს.

– პანდემიის პირობებში მეტ-ნაკლებად ონლაინ მეცადინეობები ტარდებოდა. თუმცა, ეს არასაკმარისია, – ამბობს ლალი ალექსიძე, მოსწავლეს კლასიკური ნაწარმოების შესწავლისას მასწავლებელი გვერდით უნდა უჯდეს.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები რომ შემსუბუქდა, მინდოდა მოსწავლეებისთვის გამოცდები სკოლაში ჩაგვეტარებინა, მაგრამ მერიის ადმინისტრაციული სამსახურიდან ამის ნება არ დაგვრთეს.

სამუსიკო სკოლაში 69 მოსწავლე ირიცხებოდა. ხუთმა შვიდწლედი დაასრულა. შვიდი მოსწავლე სწავლას დამამთავრებელ კლასში აგრძელებს.

არ ვიცი, მოსწავლეები ექვსთვიანი წყვეტის შემდეგ, სექტემბერში ფორმაში როგორ ჩადგებიან. კლასიკური მუსიკის შესასწავლად სისტემატური მეცადინეობებია აუცილებელი.

ხარაგაულის მოსწავლეთა სახლთან არსებული სამუსიკო სტუდია „ჰარმონიას“ ხელმძღვანელი ციური ბლუაშვილი ამბობს, რომ მოსწავლეებს ონლაინ ერთვებოდნენ და დავალებებს აძლევდნენ, თუმცა – იშვიათად. მოსწავლეებმა გამოცდისთვის თითო-თითო ნაწარმობი მოამზადეს, სტუდიაში ცალ-ცალკე მივიდნენ და გამოცდა ასე ჩააბარეს.

– კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ პანდემიის პირობებში სხვაგვარად არ გამოვიდა, – ამბობს ციური ბლუაშვილი, – ხარაგაულის სტუდიაში 12 მოსწავლე გვყავს, ვერტყვიჭალაში – 17.  ამ 17 მოსწავლის გამოცდა მასწავლებელმა გულნაზი აბრამაშვილმა, მეთოდკაბინეტთან შეთანხმებით, თავად ჩაიბარა. ჩვენ ონლაინ ვუსმენდით.

სასწავლო წლის ბოლოს ან ხარაგაულიდან მიგვყავდა მოსწავლეები ვერტყვიჭალაში, ან ისინი მოდიოდნენ და ერთმანეთს ვაფასებდით. ახლა პანდემიის გამო, ეს ვეღარ შევძელით.

ნინო კაპანაძე