ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში (დირექტორი ნინო დიდიძე) 8 სექტემბერს გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გასტანს 12 წლის დათო გურგენიძის ნახატების გამოფენა.

დათო გურგენიძე ხუთი წლიდან ხატავს. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ექვსჯერ მოეწყო მისი ნახატების პერსონალური გამოფენა. ის ერთი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მონაწილეა. დათოს ოცნებაა, გახდეს მხატვარი.

„აღვფრთოვანდი დათოს ერთ-ერთი ნახატის ნახვისას, – აღნიშნა გამოფენის გახსნისას გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, – მე და მის ბიძას, ლაშა გურგენიძეს, გაგვიჩნდა იდეა, რომ ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მოგვეწყო დათოს ნახატების გამოფენა. ძალიან საინტერესოა მისი ნამუშევრები. მათში ჩანს ავტორის ნიჭიერება. დავით გურგენიძე ნამდვილად იქნება ერთ-ერთი საამაყო ხარაგაულელი.“

ისტორიული მუზეუმის თანამშრომელი ეკა შველიძე მიიჩნევს, რომ დათო გურგენიძეს დიდი მომავალი ელოდება. „მის ნახატებში ჩანს საოცარი შინაარსი, დათოს ასაკისთვის უჩვეულო. ძალიან სკრუპულოზური, ფაქიზი ნამუშევრებია საინტერესო თემებით. რაც ყველაზე მთავარია, ნახატებში ჩანს აზრი და ფიქრი. ხარაგაულს კიდევ ერთი წარმატებული ადამიანი ეზრდება,“ – ამბობს ქალბატონი ეკა.

ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორის მამუკა ჭიპაშვილის თქმით, დათო გურგენიძე შესანიშნავი ნახატების ავტორია. „ყველაზე მეტად მომეწონა მისი საოცარი ფანტაზია, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ყველა ნახატში იგრძნობა ინდივიდუალიზმი, რასაც ვერ ისწავლი და ბუნებრივად უნდა გქონდეს. დარწმუნებული ვარ, დათო ბევრად დაიხვეწება და კიდევ უფრო საინტერესო გამოფენებს შემოგვთავაზებს.

თინათინ დავაძე, რესტავრატორი: -ძალიან მომეწონა ნახატები – განსაკუთრებით რამდენიმე პორტრეტი და კომპოზიცია. ნამდვილად გასაკვირია 12 წლის ასაკში ამხელა შედეგი. ვუსურვებ წარმატებებს და რაც მთავარია, არ შეეჩერებინოს წინსვლა და განვითარება.“

„ჩემთვის ხატვა არავის უსწავლებია, – გვიამბობს დათო, – ვხატავ მაშინ, როცა მუზა მომდის. ვიყენებ გუაშს, ზეთს და ფანქარს. ტექნიკის დახვეწაში მეხმარება ქეთინო ფერაძე. ვხატავ ისე, როგორც ვხედავ.“

დათო გურგენიძემ დიდი მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვა, რომ მისი ნახატების გამოფენა ხარაგაულში მომავალ წელსაც მოეწყობა.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: დათო გურგენიძე მშობლებთან ერთად ხარაგაულის მუზეუმში საკუთარი ნახატების გამოფენაზე