ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა.

ამ ფაქტით შეწუხებული მოქალაქეებისთვის გაუგებარია, რა გახდა მგზავრობის გაძვირების მიზეზი. ოკიშურაში მცხოვრები დარეჯან მაღრაძე ამბობს, რომ ხარაგაულიდან სახლამდე მგზავრობაში 50 თეთრის ნაცვლად ერთი ლარი გადაიხადა, ხოლო ზესტაფონამდე – ორი ლარის ნაცვლად – სამი ლარი.

„ჩვენი სოციალური მდგომარეობა არ შეცვლილა, – ამბობს დარეჯან მაღრაძე, – ოკიშურას უბნის მოსახლეობისთვის ზესტაფონამდე მგზავრობისთვის ყველაზე მოსახერხებელი ეს ტრანსპორტია. ძალიან გვიკვირს, მგზავრობა რატომ გაძვირდა – საწვავი გაიაფდა, კიცხის მიმართულებით გზა მოასფალტებულია.

ხალხს უფრო გვიჭირს, ვიდრე პანდემიამდე გვიჭირდა. მაინტერესებს, რაიმე რეგულაცია თუ არსებობს მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით“.

რა გახდა ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის მიმართულებით მგზავრობის გაძვირების მიზეზი, – ამის გასარკვევად ს/ს „ავტოტრანსის“ დირექტორს, დავით ხარაძეს, მივმართეთ.

„კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ახალი რეგულაციები დაწესდა, რომლის მიხედვითაც მიკროვტობუსში მგზავრების ფეხზე დგომა აიკრძალა, – ამბობს დათო ხარაძე, – ეს პანდემიამდე დაშვებული იყო საგარეუბნო და შიდა ტრანსპორტისთვის.

ახლა მგზავრების რაოდენობაც შემცირდა და მძღოლების შემოსავალიც. ამიტომ  იძულებული გახდნენ, მგზავრობა გაეძვირებინათ“.

ნინო კაპანაძე