„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში შემოვიდა იგორეთსა და საქარიქედში მცხოვრები 78 მოსახლის მიმართვა, რომელიც გაგზავნილია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის რწმუნებულ ზაზა მეფარიშვილთან და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძესთან.

გთავაზობთ ამ მიმართვის ტექსტს:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები იგორეთი და საქარიქედი წლებია განიცდიან სასმელი წყლით მომარაგების პრობლემას. ამ სოფლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა კომუნისტების ეპოქაში მოხდა. 70-იან წლებში გაკეთდა სასმელი წყლის სათაო ნაგებობა და რკინის ხარისხიანი მილებიდან სისტემატურად მარაგდებოდა მოსახლეობა სასმელი წყლით. დროთა განმავლობაში სისტემა მოძველდა და გამოვიდა მწყობრიდან.

ნაციონალების მმართველობის ბოლო წელს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამოყარეს ძველი წყალგაყვანილობა და შეცვალეს ახალი მილებით, მაგრამ მათი დიამეტრი იმდენად მცირე იყო, რომ რამდენიმე ოჯახი თუ დაკმაყოფილდებოდა. ეს ფაციფუცი აშკარად გათვლილი იყო არჩევნებში ხმების მოსაპოვებლად. წყალმა არჩევნებიდან რამდენიმე დღე იდინა და როგორც ნაციონალებმა დალიეს ჩაილურის წყალი – ისე გაქრა წყალიც.

იმედი ახლადმოსულმა მთავრობამ ჩაუსახა ხალხს. ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კვლავ შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა. ამოიყარა ნაციონალების დროს ჩაყრილი მილები და ჩანაცვლდა ოცნების მიერ ახალი წყალგაყვანილობით.

ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება ოცნებას დარჩა – სოფელს კი შერჩა წინასაარჩევნო დაპირება და ოცნება სასმელ წყალზე. ორივე შემთხვევაში სისტემის რეაბილიტაცია მოხდა სოფლის განვითარების პროგრამით გამოყოფილი თანხებით. რომელმა წყალმა წაიღო და სად აორთქლდა ეს ფული? – მომკითხავი არავინაა. ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს, ეს წყალიც საარჩევნო გამოდგა.

მოსახლეობას აქვს კითხვა, როგორც წინა, ისე ახალ ხელისუფლებასთან – მართლა საარჩევნოა სოფლისთვის ეს წყალი და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ველოდოთ მის გადმოდინებას თუ გვქონდეს იმედი მანამდე მოსვლის?

ანდა გვასწავლეთ ის მაგიური შელოცვა – აბრაკა-დაბრა, რომლითაც წყალი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოგყავთ და არჩევნების შემდეგ გვალვას აჩენთ?!

წყალმომარაგების მოგვარების იმედით წყალს მოწყურებული იგორეთისა და საქარიქედის მოსახლეობა