„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ფარგლებში, ახლახან, 40 დასახელების რძის პროდუქტი რძის ცხიმის სისუფთავეზე გამოიკვლიეს.

გამოკვლეული 40 დასახელების პროდუქტიდან 6-ში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა. ამგვარად, ეს 6 პროდუქტი რძის ნაწარმის სახელწოდებით არ უნდა გაყიდულიყო.

„თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 40 დასახელების რძის პროდუქტი, – აღნიშნულია მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის საიტზე momxmarebeli.ge და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რძის ცხიმის სისუფთავეზე შესამოწმებლად. 6 პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.

შესყიდულ იქნა სხვადასხვა, საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია, მათ შორის, იმ მეწარმეების საქონელი, რომელშიც ჩვენ 2020 წლის იანვარში და 2019 წლის დეკემბერში განხორციელებული შემოწმებების შედეგად მცენარეული ცხიმები აღმოვაჩინეთ.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, რძის ცხიმის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია.

რძის ნაწარმი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობისათვის. ამიტომაცაა, რომ მომხმრებლები ხშირად გვთხოვენ ამა თუ იმ პროდუქტის რძის ცხიმის სისუფთავეზე შემოწმებას. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ რძის ნაწარმი ჩვენც შეგვემოწმებინა.

ჩვენი მცირე კვლევების შედეგებით ვერ განვსაზღვრავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დარღვევების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირია რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გამოყენება. ამიტომაც ამ მიმართულებით კონტროლის გაფართოებაა საჭირო.

შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ.

პროდუქტის დასახელება:  არაჟანი სოჩინსკაია ლოო ქობულეთური, 21%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: დვრიტა +/საქართველო

წარმოების თარიღი: 11.06.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „მადაგონი“ (ვაშლიჯვარი, მუხრან მაჭავარიანის 65), შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა მცენარეული ცხიმები, ლაბორატორიის ოქმი

პროდუქტის დასახელება: არაჟანი „ქობულეთური“ 25%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ქობულეთური ტრეიდინგი/საქართველო

წარმოების თარიღი: 11.06.20

შესყიდვის ადგილი: GL მარკეტი (გლდანის მე-6 მკ/რ, კორპ. 22 მ/ტ) შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა მცენარეული ცხიმები, ლაბორატორიის ოქმი

მომხმარებელი.ge-ს ინიციატივით ჩატარებული, დანარჩენი 38 პროდუქტის, კვლევის შედეგებს გაეცანით ბმულზე