ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხერში წუხელ მგელმა ევა სმირნოვას ბურვაკი დაუკბინა.

ეს ჩხერში მგლისგან შინაურ ცხოველებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ გახლავთ. ერთი კვირის განმავლობაში მგელი ჩხერში ზედიზედ ოთხ კვიცს დაესხა თავს.

ვახანში მცხოვრები მერაბ ღონღაძე ამბობს, რომ ორი თვის წინ მგელმა მისი კვიცი შეჭამა, ერთი თვის წინ – მისი მეზობლის მოზვერი, ლომისმთის საძოვარზე ხუთი დღის უკან – ორი კვიცი.

„სოფელში მგლისგან თავდასხმები გახშირდა, – ამბობს მერაბ ღონღაძე, – გასულ კვირაში მეზობლის ქალმა შუა სოფელში მგლის კვალი ნახა. ვფიქრობთ, საფრთხე სერიოზულია“.

მგლისგან შინაურ პირუტყვზე თავდასხმის შემთხვევები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა სოფელშია. მოქალაქეებმა არ იციან, ამ პრობლემას როგორ გაუმკლავდნენ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 ოქტომბერს გამოცემული #146 ბრძანება გარეულ ცხოველთა რეგულირების წესს განსაზღვრავს.

ამ ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ და აღნიშნული არ საჭიროებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწარ თანხმობას.

თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა, მუნიციპალიტეტი ამის აუცილებლობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარეული ცხოველის სახეობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია. ამის შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას აფორმებს მუნიციპალიტეტთან. მინისტრის #146 ბრძანება განსაზღვრავს ასევე ბუნებიდან ამოღებული გარეული ცხოველის მიმართ განსახორციელებელ ღონისძიებებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე ამბობს, რომ 2020 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს ბუნებიდან რვა მგლის ამოღების უფლება მისცა.

„მუნიციპალიტეტში შექმნილია ჯგუფი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების თანხლებით მგელს ბუნებიდან ამოიღებს, – განმარტავს ჯაბა ბერაძე, – შარშან ამ ჯგუფმა სოფელ ღორეშაში ბუნებიდან ორი მგელი ამოიღო.

პირველ რიგში, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ მერიაში წერილობით მოგვმართოს და თავდასხმის შემთხვევები აღწეროს. ჯგუფი ამის შემდეგ იმოქმედებს.

„თქვენგან შევიტყვე, რომ მგლის ბუნებიდან ამოღებისთვის მერიას უნდა მივმართოთ. ამ დრომდე ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. აუცილებლად მივმართავთ და რეაგირებს მოვითხოვთ“, – გვითხრა ვახანელმა მერაბ ღონღაძემ.

ნინო კაპანაძე