შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად გრძელდება. მომსახურების ესა თუ ის სფერო რეკომენდაციების დაცვით ნელ-ნელა იხსნება. თუმცა, ამ რიგს სარიტუალო დარბაზებამდე ჯერ არ მოუღწევია.

კარანტინის გამოცხადებიდან დღემდე, მათი მუშაობა შეჩერებულია. ეს დიდ ზარალს აყენებს როგორც მფლობელებს, ასევე იქ დასაქმებულ ადამიანებსაც. მათი რიცხვიც საკმაოდ დიდია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სარიტუალო დარბაზების მფლობელები იზოლაციის პირობებში მიღებულ ზარალზე საუბრობენ. არც ერთ მათგანს სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღია და ჯერ კიდევ ელოდებიან.

იზოლდა კვანტრიშვილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში აქვს სარიტუალო დარბაზი. 8 ივნისიდან გაიხსნა რესტორნები. სწორედ მაშინ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიიღო რეკომენდაციები და ფიქრობდა, რომ მუშაობის განახლების საშუალება მასაც მიეცემოდა.

როგორც თავად ამბობს, ბოლო თეთრები გაიღო და შეიძინა თერმომეტრები, დეზობარიერები, ბახილები, ხალათები. შეკვეთებიც მიიღო, თუმცა ორ დღეში განუცხადეს, რომ არავითარი ქელეხი, ქორწილი და დაბადების დღე არ იქნება, მხოლოდ ათი კაცის შეკრება შეიძლებაო.

„ოჯახებში კეთდება ქელეხები, 150 კაციანი, ძველებურად, სეფაში, სადაც არავითარ რეგულაციებს არ იცავენ. ამიტომ იქ უფრო მეტი საშიშროება იქმნება, ვიდრე ჩვენთან, დარბაზში. რატომ კლავენ ჩვენს ბიზნესს, როცა ეს ოჯახებში მაინც კეთდება? ჩემი სივრცე 550 კვმ-ია, სუფრასთან რეგულაციების მიხედვით  რომ დავსვა ადამიანები, 250 კაცი დაეტევა. 100-150 კაცის მიღების საშუალება მაინც მომცენ“.

„ღია დარბაზები და ათკაციანი სუფრები დაშვებულია. ათკაციანი სუფრები შემოსავალს არ გვაძლევს და ამიტომ ამ ეტაპზე არ ვაპირებთ ფუნქციონირების განახლებას, – ამბობს თამარ სხილაძე, ხარაგაულში სარიტუალო დარბაზის მფლობელი, – შემდეგში თუ იქნება ჩვენთვის მისაღები რეგულაციები, დარბაზს სრულად ავამოქმედებთ. სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს კი ყოველთვის დავიცავთ.

„სახელმწიფოსგან დაპირებების მეტი არაფერი არ მიგვიღია, – ამბობს სარიტუალო დარბაზის მფლობელი ნოდარ მუხურაძე, – ათი კაცის გამასპინძლებისთვის დარბაზის გახსნა არ მიღირს. ამბობენ, რომ სარიტუალო დარბაზების ბედი 15 ივლისიდან გადაწყდება. ყველა რეკომენდაციასა და რეგულაციას დავიცავთ, რასაც გვეტყვიან“.

პანდემიის დროს ქორწილებისა და ქელეხების აღნიშვნა შეჩერდა. დღემდე ადამიანები ვიწრო წრეში აღნიშნავენ ამ მეტად მნიშვნელოვან მოვლენებს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ორი აზრი გაჩნდა.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ხალხმრავალი ქელეხი, ორმოცი, წლისთავი და ქორწილი ჩვენი ტრადიციაა და არ უნდა დავივიწყოთ. თუმცა, ნაწილი თვლის, რომ ქელეხებისა და ქორწილების აღნიშვნა ისევე უნდა გაგრძელდეს, როგორც შეზღუდევბის პირობებში.

ნინო კვირიკაშვილი: – ადამიანები მოწვეული სტუმრების რაოდენობასა და სუფრის მრავალფეროვნებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. აიღებდნენ სესხს და შემდეგ წლების განმავლობაში ისტუმებდნენ. ეს ნორმალური და მისაღები არ არის. ქორწილსა და ქელეხში 100 -150 სტუმრის მოწვევა სავსებით საკმარისია.

იამზე პავლაძე: – 500-600 კაციანი ქორწილები და ქელეხები ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, ქართველებს ოდითგან მოგვდგამს მიცვალებულისთვის შესანდობარის თქმა. ეს ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა და ამის მოშლა ჩემთვის მიუღებელია. სარიტუალო დარბაზებში ბევრი ადამიანია დასაქმებული და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ადამიანები უმუშევრები დარჩებიან.

მაია ბერაძე: – პომპეზური ქორწილები და ქელეხები დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ვიწრო წრეში, ახლობლების გარემოცვაში უნდა მიაგონ მიცვალებულს ადამიანებმა პატივი. ადამიანის გარდაცვალება ოჯახისთვის ტრაგედიაა და ამას ხალხმრავალი ქელეხის ხარჯი აღარ უნდა დაემატოს.

ეს თანხის მიტან-მოტანაც ცუდი მგონია. ვფიქრობ, ქორწილებსა და ქელეხებში ხალხმრავლობა წარსულს ჩაბარდება. კარგი იქნება, თუ ქორწილი ღია სივრცეში, ბუნებაში  გაიმართება. სუფრასთან საათობით სხდომა, გაწელილი სადღეგრძელოების მოსმენა დამღლელი პროცესია.

ლიკა ხიჯაკაძე