ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერის“ ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა Covid-19-ის სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი „ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები“ ჩაატარა.

კონკურსის გამარჯვებული სამი პროექტი ქედის მუნიციპალიტეტში უკვე 2020 წლის მაისიდან ხორციელდება. გამარჯვებული ორგანიზაციები ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევების მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ.

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარე, გიორგი აბულაძე კონკურსის მიზნებზე საუბრისას აღნიშავს, რომ იმ ფორსმაჟორული სიტუციიდან გამომდინარე, რის წინაშეც Covid-19-ის გამო მსოფლიო აღმოჩნდა, შექმნა საჭიროება, მოსახლეობა ციფრულ, დისტანციურ მუშაობაზე გადასულიყო, რამაც, თავის მხრივ, ახალი, სპეციფიკური უნარების საჭიროება გააჩინა:

„კონკურსის მიზანი იყო, შეგვერჩია ისეთი პროექტები, რომლებიც Covid-19-ით ინოვაციური იდეების საშუალებით შეძლებდა, ქედის ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობას, დაეხმარებოდა ადგილობრივ მოსახლეობას ტუსისტული სერვისების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მართვასა და განვითარებაში, გამოუმუშავებდა მათ ციფრულ უნარებს, მოახდენდა კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციას და ხელს შეუწყობდა ტურისტულ სექტორში ქალების როლის გაზრდას.

პანდემიამ აჩვენა, რომ მოსახლეობისთვის აუცილებელი გახდა მოქნილობა და ციფრულ სამყაროში გადასვლა, ბიზნესმა ონლაინ სივრცეში დაიწყო მუშაობა, საჭირო იყო, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც ეს უნარები არ გააჩნდათ ან არასაკმარისი იყო ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად“ – ამბობს გიორგი აბულაძე.

ფოტოზე: გიორგი აბულაძე, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარე

ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებულ კონკურსში 13 საგრანტო განაცხადი შევიდა, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მხარი სამ პროექტს დაუჭირა.

მხარდაჭერილი პროექტები ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ჯანდაცვისა და განათლების პრობლემებზე ეფექტიან რეაგირებას, კერძოდ – პირველადი ფსიქოლოგიური მომსახურების შეთავაზებას, ასევე, მოზარდების მათ შორის, შშმ პირებისა და მშობლების ფსიქო-განათლებას ვებინარის ციკლების საშუალებით, მოზარდებისა და მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას როგორც პირადი, ისე პროფესიული უნარების განვითარებას.

„ქედა კორონავირუსის წინააღმდეგ“ კონკურსის ერთერთი გამარჯვებული პროექტია, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია ახორციელებს. პროექტის მენეჯერი ჰამლეტ სანიკიძე გვიყვება, თუ რა კონკრეტულ შესაძლებლობებს სთავაზობს ორგანიზაცია ქედის მაცხოვრებლებს:

ფოტოზე: ჰამლეტ სანიკიძე

„პროექტს ორი მიმართულება აქვს, პირველი გულისხმობს ქედაში მცხოვრები ადამიანებისთვის პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, რისთვისაც, კონკრეტულ საათებში მუშაობს კვალიფიციური ფსიქოლოგი, პასუხობს ზარებს და გასცემს კონსულტაციებს.

დაინტერესება საკმაოდ მაღალია, ადამიანები გვიკავშირდებიან პირადი ისტორიებითა და შეკითხვებით, თუ როგორ გაუმკლავდნენ პანდემიით გამოწვეულ წინააღმდეგობებს თავად, ან როგორ დაეხმარონ ახლობელ ადამიანებს ამ გამოწვევების დაძლევაში.

ფსიქოლოგი, ასევე, ჩართულია ციფრულ სივრცეშიც და პროგრამა zoom-ის საშუალებით უძღვება ვებინარებს, ზოგადად საკითხებად განიხილავს იმ ფსიქოლოგიურ საკითხებს, რაც პირადი კონსულტაციებისას მოსახლებაში პრობლემებად იკვეთება“, – ამბობს ჰამლეტ სანიკიძე.

პროექტში ჩართული ფსიქოლოგი ნინო მღებრიშვილი, რომელიც ბენეფიციარებს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს, გვიყვება, რომ დახმარებისთვის უკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც უჩივიან Covid-19-ისგან გამოწვეულ შფოთვას, – „რიგ შემთხვევებში, შფოთვა გამოწვეულია ოჯახის წევრების დაინფიცირების შიშით, ასევე, ხშირია შფოთვა დანაკარგის შესახებ, როგორც საყვარელი ადამიანის, ისე სამსახურის.

ზოგადი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის შიში თითქმის ყველა კონსულტაციისას ვლინდება, ადამიანები განიცდიან იმ ფინანსურ ზიანს, რაც პანდემიამ გამოიწვია. არის შემთხვევები, როდესაც შფოთვას ახლავს ფიზიკური ჩივილებიც“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

მისი თქმით, ასევე ხშირად მიმართავენ ბრაზის მართვის სირთულეების დასაძლევად, განსაკუთრებით კი, ბავშვებთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, პანდემიის პირობებში, მშობლებს უჭირთ ბავშვების ქცევის მართვის სირთულეებთან განმკლავება, რადგან სახლში ყოფნა სტრესულია როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

პროექტის ფარგლებში ფსიქოლოგი, გარდა პირველადი ფსიქოლოგიური დახმარებისა, ჩართულია ტრენინგებშიც, რომელიც ბენეფიციარებს ემოციების ამოცნობა-მიღებასა და ამ ემოციების მართვის სტრატეგიებს სთავაზობს:

„ტრენინგ-ვებინარებს 10-15 ადამიანი ესწრება ხოლმე. ისინი ყვებიან თავიანთ ისტორიებს, გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ამ მონათხრობიდან გამომდინარე, ერთად ვცდილობთ, ამოვიცნოთ ემოციები, დავსახოთ სტრატეგიები მათ სამართავად. პანდემიის დასრულების შემდეგ, ახალი გამოწვევებიც გაჩნდა.

ადამიანებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შიში გაუჩნდათ, სოციალიზაციისა და კომუნიკაციის. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, ადამიანების შფოთვა იკლებს, პირიქით, ახალ სირთულეებს ქმნის“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი ნინო მღებრიშვილი.

ამავე პროექტის მეორე მიმართულება ქედაში მცხოვრებ ფერმერებს ციფრული მარკეტინგის ონლაინ კურსებს სთავაზობს. როგორც პროექტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, პანდემიის გამო დახურულმა ღია ბაზარმა ფერმერებს შეუქმნა ფინანსური პრობლემები, ისინი ვერ ახერხებდნენ ნაწარმოები პროდუქტის გაყიდვას, პროექტით გათვალისწინებული აქტივობების საშუალებით კი, იძენენ ონლაინ გაყიდვებისთვის საჭირო უნარებს.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფერმერებისთვის,  ბიზნესის გადასარჩენად, ციფრული მარკეტინგი გადამწყვეტ როლს ასრულებს. მოსახლეობისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა იმ უნარების გაუმჯობესება და სწავლება, რაც მათ თავიანთი ბიზნესის გადარჩენაში დაეხმარებოდა. ამისთვის შეიქმნა ვებინარების სასწავლო ციკლი სოციალურ ქსელში, რომელშიც 20-ამდე აქტიური ფერმერია ჩართული.

ვებინარების საშუალებით, ადამიანები იუმჯობესებენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, ითვისებენ სხვადასხვა სოციალური ქსელის მენეჯმენტს, იძენენ ინფორმაციას ტურიზმის სფეროში არსებული ონლაინ პლატფორმების შესახებ, ეს ინფორმაცია მათ თავიანთი საქმიანობის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

სწავლებებს განსაკუთრებით აქტიურად მიყვებიან ახალგაზრდა ფერმერები და დაინტერესებაც დიდია, რაზეც ვებინარების გავრცელება და გაზიარებული ჩანაწერის ნახვები მეტყველებს. გვაქვს მოლოდინი, რომ პერიოდულად, უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება პროექტს“, – აღნიშნავს ჰამლეტ სანიკიძე.

მეორე პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია „გლობალური სამეწარმეო ქსელი (CENN)“ ახორციელებს, ტურიზმის სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის აქტივობები მიმართულია ინოვაციური გზით ტურიზმის სექტორის  განვითარებისკენ. ეხმარება ტურისტულ სექტორში ჩართულ ადამიანებს შესაბამისი ტურისტული სერვისების მიწოდებაში, ასევე, მუნიციპალიტეტის კულინარიული და კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციაში. პროექტისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში ქალების როლის გაძლიერება.

პროექტის ხელმძღვანელი თინათინ ღოლაძის განმარტებით, პროექტი გულისხმობს ქედაში მცხოვრებ მეწარმეებისთვის როგორც მომსახურეობის ციფრულ სამყაროში გადაყვანის ხელშეწყობას, ისე მათი  ციფრული კომპეტენციების განვითარებასა და სპეციალური შეთავაზებების მომზადებაში ხელშეწყობას, რაც პროექტში ჩართულ პირებს დაეხმარებათ დამატებითი შემოსავლის მიღებაში:

„სოციალურ ქსელში შევქმენით გვერდი „შინაურულად“ – https://www.facebook.com/shinaurulad/, უკვე მუშაობის პროცესშია ვებგვერდიც, რომელიც ჩვენი ბენეფიციარებისთვის კარგი საშუალება იქნება, თავი მოუყარონ თავინთ სერვისებს, შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია განათავსონ და ონლაინ პლათფორმის გამოყენებით, შესთავაზონ მომხმარებლებს.

პროექტს, ამჟამად, 25 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები არიან, აქვთ გესთჰაუსები ან სასტუმროები. მიზანი სოფლის ტურიზმის დიჯიტალიზაცია, რომ ბენეფიციარებს დავეხმაროთ ციფრული უნარებისა და კომპენტაციის განვითარებაში.

დღეს, პროექტში ჩართული ადამიანები იღებენ პრატიკულ დავალებებს, რომლებსაც ონლაინ რეჟიმში ახორციელებენ. ისინი სწავლობენ, თუ როგორ დაამუშაონ შეთავაზება, სწავლობენ ციფრულ სთორითელინგს. მაგალითად, ერთად შევქმენით ანიმაციური პერონაჟი, რომელიც წარმოშობით გერმანელია, საქართველოში აუტოსტოპით მოგზაურობს და იმ შეთავაზებებზე ყვება, რასაც ტურიზმის სექტორი მომხარებლებს სთავაზობს“.

საიტი მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისს შესთავებს. ქედას ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეეძლებათ, დარეგისტრირდნენ საიტზე და განათავსონ ისეთი ეგზოტიკური მომსახურებები და აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად – ყველის ამოყვანა, ტრადიციული კერძების მომზადებაში მონაწილეობა, ყურძნის დაწურვა, მწყემსებთან ერთად მთაში წასვლა, თიხაზე მუშაობა და სხვა მსგავს საინტერესო ღონისძიებაში ჩართვა, რაც ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს; პროექტის ფარგლებში შექმნილი ანიმაციური პერსონაჟები კი, ამ მომსახურებების  შესახებ მოუყვებიან მომხმარებლებს, თუ რა მოეწონათ კერძების მომზადების პროცესში, როგორი თავგადასავალი იყო მათთვის ტურებში მონაწილეობა და ასე შემდეგ.

მესამე პროექტი, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერილ კონკურსში გაიმარჯვა, ორგანიზაციის „ნაბიჯი წარმატებისკენ“ მიერ ხორციელდება. პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა, განათლება და გაძლიერება“ მიზანს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი, მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და ხელშეწყობა წარმოადგენს.

აქტივობები მიმართულია როგორც პიროვნული, ისე პროფესიული უნარების განვითარებაში. პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების  მისაღებად, უტარდებათ დისტანციური ტრენინგების ციკლი სხვადასხვა აქტიურ თემატიკაზე.

პროექტის სამიზნე აუდიტორიას 14-18 და 18-25 წლამდე ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებიც 8 კვირის განმავლობაში zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში. მიიღებენ ინფორმაციას ადამიანის ძირითადი უფლებების, ლიდერობისა და კომუნიკაციის შესახებ, ასევე, ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა – მოხალისეობა და ახალგაზრდული შესაძლებლობები, რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შედგენის მეთოდიკა/გასაუბრების ტექნიკა,  პროექტის წერის უნარ-ჩვევები, სოციალური მედიის მნიშვნელობა/კომპიუტერული უნარ-ჩვევები, კიბერუსაფრთხოება და კიბერდანაშაული, დემოკრატია და სახელმწიფო მოწყობა. სამივე გამარჯვებული პროექტი საბოლოო შედეგებსა და მიღწევებს 2020 წლის ივლისში შეაჯამებს.

სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

ავტორი: თამარ კურატიშვილი