ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ საგარეუბნო მატარებლები მგზავრთა გადასაყვანად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაკმაყოფილებას.
ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობისთვის „მასტერაო“ ერთადერთი ხელმისაწვდომი ტრანსპორტია.
საქალაქთაშორისო მატარებლებით მგზავრობა ხაშურიდან, წიფადან, მოლითიდან და მარელისიდან ხარაგაულამდე შვიდი ლარი ღირს. „მასტერაოთი“ მგზავრობის ბილეთი კი 50 თეთრი ღირდა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლის აღდგენა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ლეილა ფცქიალაძე: -კარგია საქალაქთაშორისო მატარებლების მიმოსვლა რომ აღდგა, მაგრამ ზემო იმერეთის მოსახლეობის უმრავლესობას პანდემიამ მშობლიური სახლის კარები გამოგვაკეტინა. ბაბში ვეღარ მივდივარ, რადგან ჩვენთვის გადაადგილების ერთადერთი საშუალება „მასტერაო“ იყო. არავინ ფიქრობს იმ მოსახლეობაზე, კილომეტრების გავლა ფეხით რომ უწევს.
დავით გაგოშიძე: -ჩქაროსნული მატარებლით მარელისიდან ხარაგაულამდე ერთ ლარად ვმგზავრობდით. ახლა შვიდი ლარი უნდა გადავიხდოთ. არც „მასტერაო“ დადის, არც სხვა შიდა ტრანსპორტი. გამოდის, რომ პენსიის ასაღებად წასული ნახევარ პენსიას გზაში ხარჯავ.
მარინა ჩუბინიძე-გაბუნია: -ჩქაროსნული მატარებლის მგზავრობის ღირებულებას გადაიხდის ხალხი?! ხაშურიდან ხარაგაულსა და ზესტაფონში ერთ ლარად ჩავდიოდით.
ვახტანგ ცხოვრებაძე: – სახლებში გამოგვკეტეს, ხალხი ხელფასს ვერ იღებს, პროდუქტს ვერ ყიდულობს, თუ მანქანა არ ჰყავს!
კობა კაკიაშვილი – იმ სოფლების მოსახლეობამ რა ჰქნას, სადაც ეს ჩქაროსნული მატარებლები არ ჩერდება?!
ნათია შარიქაძე: -ხარაგაულიდან მარელისამდე შვიდი ლარი როგორ გადავიხადოთ, იაფიანი მატარებელი უნდა დაინიშნოს.
„მასტერაოს“ მიმოსვლა რომ ამ დრომდე ვერ აღდგა, ეს ძალიან აწუხებს მარელისის სკოლის დირექტორს, ვერა ოდიკაძეს. სკოლის ხუთი მასწავლებელი მარელისში ხაშურიდან დადის, სამი – ხარაგაულიდან.
ხაშურიდან სკოლაში პედსაბჭოზე რომ მოსულიყვნენ, მასწავლებლებმა ტაქსი დაიქირავეს და 100 ლარი გადაუხადეს, – ამბობს ვერა ოდიკაძე, – ჩქაროსნული მატარებლით მისვლა-მოსვლა 14 ლარი ჯდება. ვეღარ ვეტყვი, რომ ყოველდღე სკოლაში მოვიდნენ, რადგან ეს დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ზაფხულის ხელფასს სულ სკოლაში სიარულში ხომ არ დახარჯავენ.
მეც დამჭირდა ხარაგაულში ჩასვლა და ტაქსით მგზავრობაში 30 ლარი გადავიხადე. ზოგს 30 ლარი თვიდან თვემდე არ აქვს შემოსავალი და რა ქნას?!
ვფიქრობ, რომ ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობამ ხელმოწერები შევაგროვოთ და „საქართველოს რკინიგზას“ „მასტერაოს“ აღდგენის მოთხოვნით მივმართოთ.“
„საქართველოს რკინიგზაში“ განგვიმარტეს, რომ საქალაქთაშორისო მატარებლებით ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთზე მგზვრობისას ერთ ლარს მგზავრები ფეხზე დგომისთვის იხდიდნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო ამ ბილეთების გაყიდვა შეწყდა.
ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის აღდგენის დაჩქარების მიზნით, მოსახლეობის მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ „საქართველოს რკინიგზას“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღია.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი