კენჭისყრამდე სასესიო დარბაზში 119 დეპუტატი დარეგისტრირდა.  კანონპროექტს 115-მა პარლამენტარმა მხარი დაუჭირა, 3 დეპუტატი არ დაეთანხმა, ხოლო 1-მა თავი შეიკავა.

მეორე მოსმენით კენჭისყრაში დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ არ მონაწილეობდნენ.

დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დღევანდელი კენჭისყრა საკმაოდ სარისკო იყო, რადგან პირველ კენჭისყრაში „ევროპული საქართველოც“ მონაწილეობდა და ხმების დიდი რაოდენობა იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი მოსმენაზე არ შემოვიდა, სხდომათა დარბაზში მაინც აღმოჩნდა საკმარისი ხმები, რომ ეს ცვლილებები მიგვეღო. არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არ მივეცით საშუალება, რომ მორიგ ჯერზე ჩაეგდოთ საარჩევნო სისტემა. მგონია, რომ სწორი პოზიცია დავიჭირეთ და საერთო ჯამში, საფრთხე ამ კანონს აღარ ემუქრება. სრული საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ კანონი მესამე მოსმენით საბოლოოდ დამტკიცდება და საპარლამენტო არჩევნებს ამ ცვლილებით შევხვდებით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმება სისხლის სამართლის საკითხსაც ფარავდა და ამ თემაზე პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას ეკისრება. თუმცა მისი განმარტებით, ხელისუფლებას მაინც განსაკუთრებულ ტვირთად რჩება, რომ 8 მარტის შეთანხმების სისხლის სამართლის საკითხები შეასრულოს.

საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ოლქების განაწილებას, – 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, – ეხება.