პოლონეთში ღონისძიება სახელწოდებით „დამზადებულია ქვევრში“ გაიმართა.

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის შემდეგ ეს ქართული ღვინის პირველი ოფიციალური წარდგენაა პოლონეთში.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „ვინისფერას“ ორგანიზებით მოეწყო.

ქალაქ კრაკოვთან მდებარე ისტორიულ დასახლებაში „Srebrna Gora“, ერთ-ერთ მარანში, ორი ქვევრი ჩარგეს; გაიმართა დოკუმენტური ფილმის – „დამზადებულია ქვევრში“ ახალი ეპიზოდის პრემიერა, რომელშიც მოთხრობილია ქართული ღვინის კულტურისა და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ; მოეწყო როგორც კლასიკური, ისე  ტრადიციული ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ღვინოების დეგუსტაცია.

აქვე, ორმა პოლონელმა მეღვინემ საქართველოდან ჩატანილ ქვევრში დაყენებული საკუთარი ღვინოებიც წარადგინა.

ღონისძიებაში პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ილია დარჩიაშვილი, ადგილობრივი იმპორტიორები, მეღვინეები, მედიის, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 2 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო და ზრდა 33%-ს აღწევს.

მსგავსი მარკეტინგული ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის  მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკაზეც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.

ღვინის ინდუსტრია დაზარალდა როგორც ექსპორტის, ისე ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო. შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მთავრობის მხარდაჭერით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია ახალი ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით გააქტიურდება.