მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში სტომატოლოგიური კლინიკებისთვის გეგმიური მომსახურების უფლება 22 მაისიდან აღდგა.

თუმცა უკვე მეოთხე თვეა, რაც  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტომატოლოგიური მომსახურება შეჩერებულია.

ინფრასტრუქტურული ვალდებულებები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები პაციენტებისთვის, დისტანციური თერმომეტრი, ერთჯერადი ხელსახოცები, ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათები, – ეს იმ მოთხოვნების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც სტომატოლოგიური კლინიკები ფუნქციონირებისთვის უნდა აკმაყოფილებდნენ.

რეგულაციების შესრულების  შემდეგ კი კლინიკებს ელექტრონული განაცხადის შევსება უწევთ, რომლის მონიტორინგის საფუძველზე ფუნქციონირების უფლებას მოიპოვებენ. 

წლებია, რაც სოფო ფხაკაძე ხარაგაულში სტომატოლოგიურ კაბინეტს ამუშავებს. თუმცა განახლებული რეგულაციების ფონზე, მომსახურების აღდგენა, ჯერჯერობით, ვერ მოახერხა.

„რეგისტრაციაც არ გამივლია, ძალიან დიდი რაოდენობის მასალაა შესაძენი, ხალათები, სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერი, ავტოკლავი-სასტერილიზაციო მოწყობილობა. ყველაფერი ამის შეძენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, კაბინეტის ფუნქციონირება ჯერ შეჩერებული მაქვს“,- ამბობს სოფო ფხაკაძე და უჭირს დაზუსტებით თქმა, თუ როდის შეძლებს მუშაობის განახლებას. 

პანდემიამდელ პერიოდში covid-19-ისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოუწია სტომატოლოგიური კაბინეტის დახურვა მაია ქასრაშვილს. მას სამომავლო გეგმები აქვს, თუმცა შექმნილი სიტუაციის გამო, ჯერჯერობით, საქმიანობის დაწყებას ვერ ახერხებს. 

რეგულაციების შედეგად შექმნილ ცვლილებებზე საუბრობს ხარაგაულელი ხათუნა ხიჯაკაძეც, რომელიც ზესტაფონში შპს „გარანტის“ სტომატოლოგია. მისი თქმით, კლინიკამ უკვე შეიძინა შესაბამისი აღჭურვილობა და ახლა მონიტორინგის პროცესი დარჩა გასავლელი.

ხათუნა ხიჯაკაძე ფიქრობს, რომ რეგულაციების შედეგად გაზრდილი ხარჯები სტომატოლოგიური მომსახურების საფასურს გაზრდის და ეს გარდაუვალი იქნება.

„სტომატოლოგიურ ინვენტარზე, ერთჯერად ხალათებზე, ქირურგიულ ნიღბებზე, სათვალეზე, ერთჯერად ხელთათმანზე ფასი მომატებულია. კბილის ტრეპანირებისას გამოსაყენებელი ა-95 ნიღბის ფასი 6 ლარამდე გაიზარდა. ერთჯერადი ხალათების ღირებულებაც 5 ლარამდეა.

აქამდე შესაძლებელი იყო მშრალი ჰაერის სტერილიზატორის გამოყენება, მაგრამ ახლა ავტოკლავი აუცილებელი მოთხოვნაა, რომლის შესაძენად სოლიდური თანხაა საჭირო“, – ამბობს ხათუნა ხიჯაკაძე და განმარტავს, რომ ავტოკლავის გარეშე კლინიკა მუშაობის  უფლებას ვერ მოიპოვებს.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტის ზურაბ ალხანიშვილის თქმით,  სასტერილიზაციო საშუალება – ავტოკლავს ალტერნატივა ნაკლებად აქვს. ამიტომ ყველა კლინიკას, ადრე თუ გვიან, მაინც ამ მოწყობილობის გამოყენება მოუწევს. 

„სტომატოლოგია ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული და მსოფლიო განვითარების ფონზე, ტექნოლოგიების ფასის გაზრდასთან ერთად, მომსახურების ღირებულებაც იზრდება. დამატებით გაზარდა ფასები ეპიდიემიამ,  ეს კლინიკებისთვის დამატებითი ხარჯია და ორმაგად რთულია, როცა ამდენი ხნის განმავლობაში მუშაობა შეჩერებული აქვთ“.

ზურაბ ალხანიშვილი სტომატოლოგებს მუშაობის განახლებისკენ მოუწებს და ურჩევს,  რომ სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიებს სტომატოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე საშეღავათო პირობები აქვთ და კარგი იქნება, თუ ამით სარგებლობას შეძლებენ.

თამარ ჩხიკვაძე