კორონავირუსის პანდემიის გამო, ბოლო ოთხი თვე სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა.

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ სკოლები, მოსწავლეები, მასწავლებლები, როგორ დაძლიეს დისტანციურ სწავლებაში წარმოქმნილი პრობლემები და რა უნდა გაუმჯობესდეს, თუ სექტემბერში პანდემიამ სასწავლო პროცესის განახლება შეაფერხა, – ამ საკითხებზე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს მარინე ვეფხვაძეს ვესაუბრეთ.

– დისტანციურ სწავლებაში ხარაგაულის სკოლები ეტაპობრივად ჩაერთვნენ, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – ასეთი ვითარება ყველასთვის მოულოდნელი იყო. ონლაინ სწავლებისთვის არც მასწავლებლები აღმოჩნდნენ მზად და არც მოსწავლეები.

ძირითადი პრობლემები ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას უკავშირდებოდა. მასწავლებლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ და მოსწავლეებთან კონტაქტი მაინც არ გაწყვიტეს – ტელეფონით უკავშირდებოდნენ. ყველამ დიდი პასუხისმგებლობა იგრძნო.

ვთვლი, რომ სასწავლო წელი ნორმალურად დავასრულეთ. თუმცა, სექტემბერში განვლილი სასწავლო წლის მასალების გადახედვა და შედეგების გადაკონტროლება მასწავლებლებს აუცილებლად მოუწევთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელს 2 090 მოსწავლე ირიცხებოდა. მოსწავლეთა ათი პროცენტისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ იყო.

რაც შეეხება მომავალ სასწავლო წელს, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაუარესდა, სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით განახლდება. ხარაგაულის ყველა სკოლამ შეიძინა დეზობარიერები და სადეზინფექციო საშუალებები.

განათლების სამინისტროს პრიორიტეტია, რომ სკოლებში სველი წერტილები მოწესრიგდეს. გასულ კვირას ხარაგაულის სკოლები სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს.

როგორც ცნობილია, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 410 ათასი ლარით სველი წერტილები მოწესრიგდება ვაშლევის, ბორითის, ვახანის, წიფის, ვარძიის, ბაზალეთის, ლაშის სკოლებში.

გარდა ამისა, ივლისის შუა რიცხვებისთვის ველოდებით თანხის გამოყოფას ბორის, წყალაფორეთის, ხარაგაულის #2, სარგვეშის, ხუნევის, ხევის, ნებოძირის, ჩრდილისა და მარელისის დაწყებით სკოლებში სველი წერტილების მოსაწესრიგებლად.

შესაძლოა, ხარაგაულის რამდენიმე სკოლაში სწავლა მეორე ცვლაშიც დაგვჭირდეს, რადგან სამინისტროს რეკომენდაციით, კლასში 15 მოსწავლეზე მეტი არ უნდა იყოს.

იმედია, სექტემბრამდე ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება და სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან განახლდება.

ნინო კაპანაძე