ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლები უახლოეს პერიოდში გაზიფიცირდება, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, –  ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის შენობაში მთლიანად გამოიცვალა ფანჯრები და ოთხი კარები.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის შენობაში მთლიანად იცვლება სახურავი, რემონტდება ხანძრის შედეგად დაზიანებული ორი ოთახი, იცვლება რამდენიმე ფანჯარა.

საღანძილის სკოლაში ახალი სველი წერტილი კეთდება.

ვახანის სკოლის შენობაში გამოიცვალა კარ-ფანჯრები.

დავით კიკნაძის თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი დანარჩენი სკოლები, ამ ეტაპზე, საკუთარი ხარჯებით აგვარებენ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს.

„მესამე წელია, ზვარის საჯარო სკოლის გადახურვა და კარ-ფანჯრების შეცვლა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ სკოლა, სავარაუდოდ, ხვდება ახალი რკინიგზის მშენებლობის არეალში.

წელს ზვარის სკოლა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ვეღარ მოხვდება. თუ ახალი მაგისტრალი სკოლის ტერიტორიაზე გაივლის, ზვარეში ახალი სკოლა უნდა აშენდეს, თუ არადა, – მომავალ წელს აუცილებლად შევცლით სკოლის სახურავს და კარ-ფანჯრებს,“ – ამბობს დავით კიკნაძე.

განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახალი 2014-2015 სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოთხ საჯარო სკოლაში განხორციელდა.