ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. თუმცა კულტურის მუნიციპალური ააიპების საქმიანობა ხარაგაულში ჯერ კიდევ შეჩერებულია.

პანდემიის დროს ააიპების თანამშრომლები ხელფასებს შეუფერხებლად იღებდნენ. ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები კი გვპირდებოდნენ, რომ პანდემიის დროს დაგეგმილი ღონისძიებები ზაფხულის განმავლობაში გაიმართებოდა. მუნიციპალურ ააიპებს ბოლო სამ თვეში ღონისძიებებისთვის განსაზღვრული თანხები ბიუჯეტის სეკვესტრის გამო ჩამოეჭრათ.

ხარაგაულის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო მაღლაკელიძის, თქმით, ჯერჯერობით კვლავ უცნობია, რამდენით შემცირდება ხარაგაულის ბიუჯეტი.

როგორ აპირებენ მუნიციპალური ააიპები ფუნქციონირების გაგრძელებას და რა გეგმები აქვთ მათ ხელმძღვანელებს, – ამ საკითხით „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია, გასულ კვირაში დაინტერესდა.

ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძემ მაშინ გვიპასუხა, რომ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელების ხედვებსა და სამომავლო გეგმებს ამ კვირაში გაეცნობოდა.

დღეს საკრებულოში ამ კომისიის სხდომაზე, ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მათი გაერთიანების ბიუჯეტი 30 ათასი ლარით შემცირდა. გაერთიანებაში შემავალი ბიბლიოთეკების, მუზეუმის, კულტურის ცენტრისა და ლიტერატურული თეატრის ფუნქციონირება, ჯერჯერობით, შეჩერებულია.

ნიკოლოზ მაჭავარიანი ამბობს, რომ უახლეს მომავალში მუშაობას მუზეუმი განაახლებს.

„ძალიან გვინდოდა ბიბლიოთეკის ამოქმედება, მაგრამ წიგნების გაცემა და მიღება, ჯერჯერობით, შეზღუდულია, რადგან წიგნი ვირუსის ყველაზე კარგი გადამტანია. შარშან ზაფხულში ხარაგაულის სიმღერის ანსამბლებმა სოფლებში კონცეტები გამართეს. წელს ხალი პროგრამის მოსამზადებლად რეპეტიციებისთვის ვერ ვიკრიბებით. ამიტომ, ვერც კონცერტებს გავმართავთ“, – ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი.

„წელს ხარაგაულის სახალხო თეატრის 120 წლის იუბილე უნდა აღგვენიშნა. თუმცა, პანდემიის გამო, გადაიდო, – აღნიშნა ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ კომისიის სხდომაზე, – წესების დაცვით, სპექტაკლის რეპეტიციების განახლებას ვაპირებთ და თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, სპექტაკლებს გავმართავთ. თუმცა ხარაგაულის კინოთეატრში სამასი მაყურებლის ნაცვლად, დისტანციის დაცვით, 70-100 მაყურებელს მოვათავსებთ. ღია ცის ქვეშ თოჯინების თეატრის დადგმების ჩატარებას ვგეგმავთ“.

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი ამბობს, რომ სპორტულ დარბაზში აქტივობები, შეზღუდვების გამო, ვერ განახლდება. თუმცა მწვრთნელები ჩვენს სპორტსმენებს ყოველდღიურად უკავშირდებიან და დავალებებს აძლევენ.

„სპორტულ ღონისძიებებზე შეზღუდვა კვლავ ძალაშია. ამის გამო ღონისძიებებს ვერ გავმართავთ. იმედი მაქვს, სექტემბრიდან სრული დატვირთვით განვაახლებთ მუშაობას“, – ამბობს გრიგოლ ჭიპაშვლი.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ამ გაერთიანების ბიუჯეტი 60 ათასი ლარით შემცირდა.

„ღორეშის ბაღში მეორე ჯგუფის გასახსნელად, გედსამანიაში სასკოლო მზაობის ჯგუფის ბაზაზე საბავშვო ბაღის ასამოქმედებლად და ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისთვის ბიუჯეტში 50 ათასი ლარი გვქონდა გათვალისწინებული.

თუმცა, მომსახურებებზე გაზრდილმა ფასებმა ამ პროექტების ღირებულებაც გაზარდა. 50 ათასი ლარით უახლოეს დღეებში ღორეშის საბავშვო ბაღის მეორე ჯგუფისა და გედსამანიაში საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ტენდერს გამოვაცხადებთ. იმედი მაქვს, ტენდერში დაზოგილი თანხით ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებასაც შევძლებთ. ამისათვის საპროექტო დოკუმენტაციას ი/მ „ავთო მესხი“ ამზადებს.

სექტემბერში თუ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელეთ, საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასების გამო, კვების თანხის გაზრდა აუცილებელი იქნება, რადგან ის კომპანიები, რომლებთანაც ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს, საკვებ პროდუქტებს ძველი ფასებით ვეღარ მოგვაწოდებენ“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.

მისივე ინფორმაციით, თუ საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდა, მის ასამოქმედებლად ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფა გახდება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 19 ივნისიდან ღია სივრცეში ჩატარებადი ყველა აქტივობა დასაშვებია.


თამთა გოგოლაძე