რამდენიმე კვირაა, დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყლის მოწოდების გრაფიკით განსაზღვრული დრო შეუმცირდა. ხარაგაულში მცხოვრები მარინა გოგია ამბობს, რომ წყლის გრაფიკის შეზღუდვა დიდი დისკომფოტია.

– ბინაში წყალი დილა-საღამოს ორ-ორი საათით მომეწოდება. მეორე სართულზე ვცხოვრობ. სარეცხი მანქანა ერთხელ ასწრებს მხოლოდ სარეცხის დარეცხვას. ვცდილობ, წყალი მოვიმარაგო, რომ სიცხესა და ელემენტარულ საჭიროებებს გავუმკლავდე.

კორონავირუსის პანდემის გამო კაფე „ეიფელში“ კლიენტების რაოდენობა ნაკლებია, წყალს ვიმარაგებთ და ვცდილობთ წყალი ეკონომიურად მოვიხმაროთ. თუმცა, მოგროვილ წყალში ჭურჭლის გარეცხვა მაინც არაკომფორტულია. ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, გამდინარე წყალი მოვიხმაროთ. ხარაგაულის რეალობაში ეს შეუძლებელია“, – ამბობს მარინა გოგია.

– წყლის გრაფიკით მოწოდება, როგორც ყველა ხარაგაულელს, მეც ძალიან მაწუხებს, – ამბობს ნიკო დეკანოსიძე, – წყალი სახელმწიფოსია და მისი მართვა უნდა გადაეცეს ისეთ კომპანიას, რომელსაც ხელშეკრულებით ექნება გათვალისწინებული, რომ არასოდეს გადავა კერძო პირის მფლობელობაში.

შეიძლება კომპანიები შეიცვალოს, მაგრამ რესურსი სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს. წყალი ფუფუნება არ არის. ხარაგაულს აქვს წყლის იმდენი რესურსი, რომ 24-საათიანი წყალმომარაგება ჰქონდეს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს ამისთვის“.

წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერის, ტარიელ ავალიშვილის, თქმით, ეს წყლის დებეტის ნაკლებობითაა გამოწვეული.

„ცხელი ამინდების გამო, მოსახლეობის მიერ წყლის მოხმარების რაოდენობა გაიზარდა. დაბა ხარაგაულში წყლის დებეტი საკმარისი არაა. ამის გამო გრაფიკის დრო შემცირდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაგვპირდა, რომ ვიდრე ლეღვნის წყალსადენის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული  ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული წყალსადენის ტერიტორიაზე წყლის ამოსაქაჩი ტუმბოები შეიცვლება და გაძლიერდება.

ამით წყლის დებეტი გაიზრდება და მოსახლეობისთვის უკეთესი გრაფიკის შეთავაზებას შევძლებთ. როდის დაიწყება ტუმბოების შეცვლა-გაძლიერება, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, ალბათ უახლოეს მომავალში. კომპანიას ტუმბოების გამაძლიერებლების მოძიება უკვე დაწყებული აქვს“, – ამბობს ტარიელ ავალიშვილი.

დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოების შესყიდვისათვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ერთ-ერთ მონაწილე კომპანიას – შპს-ს „პროხოდკას ფილიალი“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

ამჟამად ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისათვის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

თამთა გოგოლაძე