„გაზეთის ფურცლებზე საიმედო გვითხარით ხოლმე რამე, – რომ ჩვენი საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება, რამე სასიკეთოდ შეიცვლება,“ – აღნიშნა „ჩემი ხარაგაულის“ ინიციატივით ბორითში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ბორითელმა ქეთევან ბერაძემ.

შეხვედრა „ჩემი ხარაგაულის“ პროექტის „სოფლის შენებას რა უნდა“ ფარგლებში გაიმართა.

უმუშევრობა, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, უფუნქციოდ დარჩენილი კულტურის სახლის ამოქმედება, – ეს პრობლემები აწუხებს ბორითის მოსახლეობას.

ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ჯემალ მაღლაკელიძე ამბობს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბორითში საუბნო გზების შეკეთებაზე დაიხარჯა 4 418 ლარი. მისივე ინფორმაციით, ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი თითქმის ყველა სამუშაო შესრულებულია – საქასრიაში დასრულდა სარიტუალო დარბაზი; ბორითის სარიტუალო დარბაზს შემატეს მაგიდები და სკამები 70 კაცზე, ამავე დარბაზში დაიდგა სამი კონდიციონერი; უბისაში მოეწყო სარიტუალო სახლი და იქ შესატანია ჭურჭელი, მაგიდები და სკამები. ჯემალ მაღლაკელიძის თქმით, ამაშუკეთში დასახურია და კეთილმოსაწყობია ელექტროწისქვილი.

ბორითის მაჟორიტარი დეპუტატი მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გარდა მოიძიეს თანხები და გაკეთდება გზა მაქათუბანის ზემოუბანში, უბისასა და გაღმა ვაშლევში. მისივე ინფორმაციით, სამივე გზის მშენებლობაზე გამოცხადებულია ტენდერი.

ბორითელი გია ტყემალაძე ბორითის კლინიკაში ტექნიკოსად მუშაობდა. ის უკმაყოფილოა იმის გამო, რომ სამ თანამშრომელთან ერთად შეამცირეს.

მაჟორიტარი დეპუტატის მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, „ბორითის კლინიკაში მიმდინარე რეორგანიზაცია ერთ კვირაში დასრულდება. კლინიკაში ეწყობა უფასო სამედიცინო შემოწმებები. მომავალში კი ჩატარდება ოპერაციები. ბორითში ფუნქციონირებს სტომატოლოგიური კაბინეტი.“

ბორითელი მარინა წერეთელის უმთავრესი პრობლემა ზამთრისთვის შეშით მომარაგებაა. „მარტოხელა ვარ. მალე უნდა მოგვცენ ნებართვა, რომ შევძლოთ შეშის მოტანა,“ – ამბობს იგი.

„ასეთი პრობლემაა ყველგან, მთელ ხეობაში, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – მაქათუბნელებს გამოყოფილ ტყე-კაფში ხარით შესვლა უჭირთ. რა ქნას გაჭირვებულმა გლეხმა. ხე-ტყის უკანონოდ მოჭრის ფაქტზე რამდენიმე მოქალაქე დიდი თანხით დააჯარიმეს. სოციალურად დაუცველი 2 000 ლარს როგორ გადაიხდის. გარემოს დაცვის სამინისტრომ პირველ ჯერზე მაინც გააფრთხილოს მოქალაქე.“

გია ტყელამაძის თქმით, იგივე მდგომარეობაა ინერტული მასალის მოპოვებაზეც. მას მიაჩნია, რომ „გლეხს ხელშეწყობა სჭირდება და არა – დაჯარიმება.“

ჯემალ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ბორითში საპატრულო პოლიციის შენობის საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელია და სერიოზულ პრობლემებს ქმნის. მისივე თქმით, ეს პრობლემა დაუყოვნებლივ მოსაგვარებელია.

ბორითში წლების წინ გარემონტებულ კულტურის სახლს არ ჰყავს ხელმძღვანელი. ბიბლიოთეკარი ქეთევან ბერაძე ამბობს, რომ ბორითის კულტურის სახლი გამორჩეული იყო ხარაგაულში. მისივე თქმით, ბორითში იმართებოდა პოეზიის საღამოები, იწვევდნენ ცნობილ პოეტებსა და მწერლებს, ტარდებოდა კონცერტები, სპექტაკლები.

„ნათელა წიქარიშვილმა შეინახა ეს კულტურის სახლი. ამის განადგურება და უფუნქციოდ დატოვება არ შეიძლება,“ – ამბობს ქეთევან ბერაძე.

ნატო გაბუნიას თქმით, ყველაფერი ხარაგაულის ცენტრშია თავმოყრილი. „ხარაგაულის კულტურის ცენტრმა ერთი წრე გახსნას ბორითში. ვფიქრობ, ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება.“

ლელა გორგაძეს მიაჩნია, რომ ბორითში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის არსებობა აუცილებელია.

ბორითის მაჟორიტარი დეპუტატის, მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით,  აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცა ა(ა)იპ-ები და საუბარია მათ სოფლებში გადასვლაზე.

2005 წელს გაეროს პროგრამით ბორითში ინტერნეტკლუბი ამოქმედდა. ახლა იქ მოსწავლეთა სახლთან არსებული კომპიუტერული ცენტრი ფუნქციონირებს. „გვაქვს ორი კომპიუტერი და ახალგაზრდებს ვასწავლით კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, – გვიამბობს ცენტრის მასწავლებელი მადონა გაჩეჩილაძე, – სერტიფიკატის მიღების მსურველები გამოცდას ხარაგაულში აბარებენ. ინტერნეტის პრობლემის მოგვარებას ქალბატონი მანანა ბარბაქაძე დაგვპირდა. შესაკეთებელია ორი კომპიუტერი.“

დათო გულაშვილს მიაჩნია, რომ „სულში გვაფურთხებენ და ქართველობას გვართმევენ,“ რადგან მისივე თქმით, „საქასრიაში არაოფიციალური ბორდელია გახსნილი და ამაზე არავინ საუბრობს.“ დათო თვლის, რომ „ისევ „ნაციონალებით“ არის ყველა სისტემა გავსებული და ეგენი აწყობენ საბოტაჟს. ქვეყანა დაანგრიეს და ქვეყნის მტრები არიან.“

მაქათუბანში ჯერჯერობით შეჩერებულია ორი უბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული მშენებელი ორგანიზაცია არ აღმოჩნდა კეთილსინდისიერი. მისივე თქმით, პროექტი და კონსტრუქციები გეოლოგიური დასკვნის გარეშე გაკეთდა. ახლა ხიდის მშენებლობა სხვა ორგანიზაციას გადაეცა და გვპირდებიან, რომ წლის ბოლომდე დასრულდება,“ – ამბობს მანანა ბარბაქაძე.

ფაბრიკის უბანში მცხოვრები ელისო ბარბაქაძე მადლიერებას გამოთქვამს ჯემალ მაღლაკელიძისა და გიორგი ტყემალაძის მიმართ საუბნო გზების მოწესრიგების გამო.

ბორითელები ყველაზე მეტად გახარებულები არიან ბორითში საბავშვო ბაღის შენობის გარემონტებით. ბაღის გამგის, თამარ ტაბატაძის თქმით, საბავშვო ბაღს ესაჭიროება წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება. მისივე თქმით, 25 სკოლამდელი ასაკის ბავშვი უკვე მიიღეს, თვის ბოლომდე კი საშუალო და ბაგის ასაკის ბავშვთა ჯგუფების გახსნა იგეგმება.

ნინო კაპანაძე