
– არც გზა ვიცოდი, არც კვალი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ ცხოვრების ანაბანა მესწავლა, – ჩემს თავსაც გამოვდგომოდი და საზოგადოებასაც, – ასე იხსენებს ქეთევან კურტანიძე-ფურცელაძე იმ გზის დასაწყისს, რომელიც დიდი ხნის წინ აირჩია.
რთული ბავშვობა ჰქონდა. ექთნის პროფესიას დაეუფლა. 1946 წელს, სწავლის დამთავრებისთანავე, ხარაგაულის სამშობიარო სახლში დაიწყო მუშაობა. ორი წლის შემდეგ ჯერ ხარაგაულის პოლიკლინიკაში, შემდეგ კი ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს.
გვერდით განსაკუთრებულად ყურადღებიანი ექიმების კარგი გუნდი ჰყავდა – ლენა ბუაჩიძე, ლოლა გურგენიძე, ნანა ჯიქია, მერი გოგიჩაძე, მამია ბუაჩიძე, ლარისა ფხაკაძე.
ქეთევან კურტანიძემ მათთან ერთად ბევრი ბავშვისა და ზრდასრულის სიცოცხლე გადაარჩინა.
ბავშვები გამორჩეულად უყვარს და თავისი ცხოვრებაც მათზე ზრუნვაში გაატარა. ინფექციურ განყოფილებაში პაციენტებთან ხშირად მარტოც მუშაობდა. კრუნჩხვაში ჩავარდნილი ბავშვი არაერთხელ იხსნა. რამდენიმე შემთხვევა კი მაინც განსაკუთრებულად ემოციურად ახსენდება:
– პაციენტის მდგომარეობა ყოველთვის გულთან მიმქონდა. ერთხელ დედამ ზვარედან 5 წლის ბიჭუნა ჩამოიყვანა. ქალს შავები ეცვა, ქვრივი აღმოჩნდა. ექიმები მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ვენას ვერ პოულობდნენ. როგორც კი ნემსით შევეხე, მაშინვე ვენაში მოვხვდი… გადავარჩინეთ.
სანამ გავწერდით, საჭმელი მიგვქონდა. დედა მადლობას გვიხდიდა, შვილი გადამირჩინეთო. ღარიბები იყვნენ, ბიჭუნას ფეხსაცმელი არ ეცვა. წასვლისას ქალმა ფული მომაწოდა, მე კი ბალიშის ქვეშ დავუდე და ვუთხარი, ამ თანხით შენს პატარა, ლამაზ ბიჭს ფეხსაცმელი და ხალათი უყიდე-მეთქი.
ქეთევან კურტანიძისთვის სამედიცინო სფეროში მუშაობის 45 წელი მარტივი არ ყოფილა. თუმცა, თავისი პროფესიული არჩევანით კმაყოფილია. ექიმები ენდობოდნენ და როგორც თავად ამბობს, ყოველთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობდა. ბევრს შრომობდა, თავისუფალი დრო თითქმის არასდროს ჰქონდა. შვილებს ზრდიდა, ოჯახს უძღვებოდა.
მომავალი მეუღლე, ოთარ ფურცელაძე, სკოლაში გაიცნო, როცა კლასში მერხზე ერთმანეთის გვერდით აღმოჩდნენ.
– ძალიან სერიოზული, ლამაზი, ჭკვიანი ბიჭი იყო. მე ძმასავით ვუყურებდი და რას წარმოვიდგენდი, თურმე ვყვარებივარ, – იხსენებს ქეთო ბებია, – ოთარი პატიოსანზე პატიოსანი, მშრომელი, ცოლ-შვილისა და სტუმრის მოყვარე კაცი იყო. ორივე ერთნაირად მშრომელები ვიყავით და ეს ღარიბი ოჯახი, როგორც წყაროს წყალი, ისე წამოვიყვანეთ, ყველაფერი ჩვენ თვითონ შევქმენით.
ქეთევან კურტანიძე 15 ივნისს 95 წლის გახდა. დაბადების დღე ოჯახის წევრებმა დიდი სიყვარულით აღუნიშნეს. მას ორი შვილი, ორი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი ჰყავს. ქალიშვილი ეთერ ფურცელაძე, შვილიშვილი სალომე ფურცელაძე და შვილიშვილის – ოთარ ფურცელაძის მეუღლეც შორენა გელაშვილი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან. შვილთაშვილი პატარა ანა თურმანიძე ექიმობას აპირებს.
ქეთევან კურტანიძე ხანგრძლივად ჯანმრთელი ცხოვრებისთვის ყოველგვარ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნებას გვირჩევს:
– ნაკლებად უნდა ინერვიულო. როგორი ცხოვრებაც არ უნდა შეგხვდეს, საკუთარი თავი ხელში უნდა აიყვანო. ყველაფერს მოევლება. მთავარია, ჯანმრთელობას გაუფრთხილდე და შეინარჩუნო.
95 წლის ქეთო ბებო ყველა ხარაგაულელს ჯანმრთელობას, მშვიდობასა და საამურ ცხოვრებას უსურვებს.
თამარ ჩხიკვაძე
ფოტოზე – 95 წლის ქეთო კურტანიძე რძალთან, შვილიშვილთან, ქალიშვილთან და შვილთაშვილებთან ერთად
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან