ეს მეზობლის სახლია სოხუმში, – წერს მწერალი თეა თოფურია სოციალურ ქსელში, –  ამ სახლის გვერდით ჩემი სახლი იდგა, ახლა აღარ დგას.

სულ ამ ეზოში ვიყავი, კარგად დაგებული მოზაიკა იყო და კლასობანას ვთამაშობდი, გაუთავებლად. ამ კიბეებს კარგა ხანი მოაჯირი არ ჰქონდა და ასვლა მეკრძალებოდა. მაინც ავდიოდი ხოლმე, კიბის თავიდან მთები ჩანდა და მომწონდა. მაშინ ჭიშკარი ვერცხლისფრად იყო შეღებილი, სახლიც გაცილებით მოვლილი – ნახატებით და ძვირფასი ავეჯით.

ამ სახლის პატრონის ძმას ფერდინანდი ერქვა. ახალგაზრდა მოკვდა და მერე შინაურები ამტკიცებდნენ, ღამღამობით მისი ფეხის ხმა გვერსმის, ოთახებში დადისო.

მეორე სართულზე ჩემები წიგნებს და ჩემს აკვანს ინახავდნენ. ჩვენთან რომ არ დაეტია, მეზობელთან გადაიტანეს. მთელი ოთახი წიგნები და შუაში აკვანი. ხანდახან ავიდოდი და დავხედავდი ხოლმე. ერთ-ორ წიგნს ჩამოვიყოლებდი…

ახლაც ცხოვრობს ვიღაც, გონზე არაა სად ცხოვრობს, ვისი იყო, რა უნდოდა… ნეტავ, ისევ თუ დადის ფერდინანდი? მის ადგილას ვივლიდი, ყველას მაგივრად ვივლიდი და ვიხმაურებდი.