მამების დღე პირველად აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს აღნიშნეს. საქართველოში კი 2016 წლიდან აღინიშნება. მამებს ბავშვის აღზრდასა და მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

ბესო ხომასურიძე მრავალშვილიანი მამაა. იგი ცდილობს, აქტიურად ჩაერთოს შვილების აღზრდაში. ერთად საქმიანობენ, მეცადინეობენ და ერთობიან. ლუკას, საბას, პავლეს, ლალიკოსა და ანასტასიას მამა ძალიან უყვართ. თავიანთ გეგმებს, ოცნებებს, ფიქრებს უზიარებენ მას. მამაც, თავის მხრივ, ცდილობს მათთვის მეგობარი იყოს.

ლუკა უკვე მე-11 კლასში გადავიდა, საბა მე-9-ში, ხოლო პავლე მე-7-ში. ბიჭები კარგად სწავლობენ, თუმცა ჯერ არ არიან ჩამოყალიბებულნი, თუ რა პროფესიას აირჩევენ. მათ ძალიან უყვართ ბუნება.

– ჩემს ვაჟებს განსაკუთრებით უყვართ ცხენები და ზოგადად, ბუნება. ლუკას სერიოზული გეგმები აქვს, ასევე საბასაც. მას ტექნიკური საგნები მოსწონს და განათლების მიღებას ამ კუთხით ფიქრობს. პავლე ძმებისგან იმით განსხვავდება, რომ ნებისმიერ საკითხზე სიღრმისეულად ფიქრობს.

რაც შეეხება გოგონებს, ისინი პრინცესობაზე ოცნებობენ. ყველაზე პატარა – ანასტასია 4 წლისაა, ბევრს ცეკვავს და თამაშობს. ლალიკო წელს შედის სკოლაში და თავისებუტი წარმოდგენა აქვს სწავლის პროცესსა და პირველ მასწავლებელზე“, – ამბობს ბესო ხომასურიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ბესო მუშაობს, მაინც ახერხებს, მაქსიმალურად ჩაერთოს ბავშვების განათლების პროცესში. მათ მათემატიკასა და რუსულში ამეცადინებს. ვაჟები მამას სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებიან. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დრო ერთად გაატარონ.

„დედაშვილობა ხომ დიდი ფენომენია, მაგრამ, მინდა გითხრათ, მას მამაშვილობაც არ ჩამოუვარდება. მამაშვილობა ჩემთვის მეგობრობასთან ასოცირდება. მე ჩემს შვილებს, როგორც მეგობრებს, ისე აღვიქვამ. მათ აზრს ვეკითხები და ისე ვიღებ გადაწყვეტილებებს“, – ამბობს ბესო ხომასურიძე.

ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოზე – ბესო ხომასურიძისა და თეა მაღლაფერიძის მრავალშვილიანი ოჯახი