
წყლის სისტემის გაუმართაობა, დასაქმების პრობლემა, დასუფთავების პრობლემები, შიდა გზების მოუწესრიგებლობა, – ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის მოსახლეობას აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური გზა მოწესრიგდა, ბუნებრივი აირის მილები დამონტაჟდა და აგვისტო-სექტემბერში მოსახლეობის გაზიფიცირება დაიწყება, სოფელში მაინც არაერთი პრობლემა რჩება მოსაგვარებელი.
მოუწესრიგებელი შიდა გზები
საუბნო გზები კიცხის თითქმის ყველა უბანში მოსაწესრიგებელია. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც ბუნებრივი აირის მილებისთვის გზები გადათხარეს. წვიმიან ამინდში რთული მდგომარეობა იქმნება. მოსახლეობას ამ დროს ტრანსპორტით გადაადგილება უჭირს.
– მოუწესრიგებელი გზის გამო, სასწრაფოსაც კი უჭირს დროულად მოსვლა, – წუხს ზვიადაძეების უბანში მცხოვრები ზურაბ ზვიადაძე.
– დაგვპირდნენ, გაზს რომ გააკეთებდნენ, გზასაც მიაყოლებდნენ, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს. ვიმედოვნებ, რომ ეს დანაპირები შესრულდება, – ამბობს ჯიმშიაშვილების უბნის მკვიდრი თემურ აბულაძე.
– ზვიადაძეებისა და ჯიმშიაშვილების უბნებში გზები, შესაძლებელია, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოიხრეშოს და მოსწორდეს. ჯერჯერობით, პროექტში ჩასმული არ გვაქვს და როგორც კი მოგვივა მითითება, მაშინვე ჩავსვამთ, – ამბობს მერის წარმომადგენელი კიცხში გია ჩხიკვაძე.
წყლის სისტემების გაუმართაობა
მოსახლეობისთვის დიდი პრობლემაა უწყლობაც, რაც განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე აწუხებთ ავალიშვილების, მდინარაძეებისა და ზვიადაძეების უბნების, ასევე სკოლასთან მცხოვრებ მოსახლეობას. მილები დაზიანებულია, სათავო ნაგებობები – მოუწესრიგებელი.
– უწყლობა ძალიან გვაწუხებს. დაზიანებული მილებიდან წყალი ჩვენამდე ვეღარ აღწევს, – ამბობს ელისო არჯევანიძე, – გიორგაძეებისკენ ახალი რეზერვუარი გააკეთეს, ის წყალი ჩვენთან აღარ მოდის.
ამასთან დაკავშირებით მერის წარმომადგენელი გია ჩხიკვაძე ამბობს, რომ მდინარაძეების უბანს წყლის მილები შარშან გადაეცა და ძველი მაგისტრალი განახლდა. თუმცა, ადასტურებს, რომ ავალიშვილების უბანში ზაფხულობით წყალთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად აქვთ. ამიტომ მათ 2 კილომეტრამდე სიგრძის მილები გადასცეს და სათავო ნაგებობას აკეთებენ.
„რაც შეეხება სკოლასთან მცხოვრებ მოსახლეობას, თავადაც უნდა იაქტიურონ, – რეზერვუარი უნდა დაათვალიერონ, გაიგონ, მილი სჭირდება თუ რეზერვუარია გამოსაცვლელი. ჩვენ წყლის კომპანია არ გვემსახურება, რომ წყალი თითოეულ ოჯახამდე მიიყვანოს. ჩვენი მხრიდან დახმარება რაც დასჭირდებათ, მილები იქნება ეს, თუ რეზერვუარი, ყველანაირად დავეხმარებით და ადგილზე მოვაწოდებთ. დანარჩენი თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს“, – ამბობს გია ჩხიკვაძე.
ძალაუნებურად, გარემოს ვაბინძურებთ…
ერთ-ერთი მთავარი საკითხი დასუფთავებაა, რაც გარემოს დაბინძურებას უკავშირდება. სოფელ კიცხში უკანონო ნაგავსაყრელები დღემდე რჩება. ამის ერთ-ერთი მიზეზი სანაგვე ურნების უკმარისობაა. კიცხში დამატებითი ურნების განთავსების მოთხოვნით ელისო არჯევანიძემ მუნიციპალიტეტის მერს მიმართა. მერისგან, ამ დრომდე, მხოლოდ დაპირება მიიღო.
– მერმა მითხრა, რომ ურნები არ გვაქვს. როდესაც გვექნება, აუცილებლად დაგაკმაყოფილებთო. შემდეგ პანდემია გამოცხადდა და ალბათ, ამანაც შეაფერხა. მხოლოდ ცენტრალურ გზაზე განთავსებული ურნებიდან 3-4 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს მოსახლეობა. ნარჩენები ამ მანძილზე სისტემატურად როგორ უნდა ატარო? მოსახლეობამ ნაგავი სად წაიღოს? – კითხულობს ელისო არჯევანიძე.
– ურნები ძალიან შორსაა, ამიტომ იძულებული ვხდები, ბუნებრივი ნაგავსაყრელით ვისარგებლო. ნარჩენების სამ კილომეტრზე ტარების შესაძლებლობა ვის აქვს?! – ამბობს ზვიადაძეების უბანში მცხოვრები ზურაბ ზვიადაძე.
– ცენტრალურ გზაზე ყოველ 500 მეტრში დგას ურნები. იმის გამო, რომ ნაგვის გადამზიდი მანქანა ჩიხებსა და შიდა გზებზე ვერ იმართება, ნაგვის ურნებს უბნებში არ ვდგამთ, – ამბობს კიცხში მერის წარმომადგენელი გია ჩხიკვაძე.
„ჩემს სოფელში დასაქმება მინდა“
კიცხის მოსახლეობას, ისევე როგორც ბევრ სხვა სოფელში, ყველაზე მეტად უმუშევრობა აწუხებს. ახალგაზრდები იძულებულნი ხდებიან, სოფელი დატოვონ.
– დასაქმების პრობლემა რომ არის, ეგ რა საკითხავია, – ამბობს მდინარაძეების უბნის მკვიდრი ლამზირა წულაია, – ჩვენს უბანში ძალიან ცოტა ადამიანია დასაქმებული.
ზურაბ ზვიადაძე ახალგაზრდაა, ორი შვილი ჰყავს. საკუთარ მიწის ფართობს ყოველთვის მთლიანად ამუშავებს. თუმცა, მოსავალი ოჯახის სარჩენად არ ჰყოფნის. ოჯახში ერთადერთი დასაქმებული ადამიანი მამაა. ოჯახი ბავშვისთვის ხორცს, სიძვირის გამო, ვერ ყიდულობს.
თემური აბულაძე წელს პენსიაზე გავიდა. პატარა შვილი ჰყავს. ამიტომ, თუ ვინმე დახმარებას გაუწევს, მეურნეობის განვითარება სურს, ადგილობრივებიც რომ დაასაქმოს და საკუთარი გამოცდილება სოფელს მაქსიმალურად მოახმაროს.
კიცხელებთან დასაქმების თემაზე საუბრისას, ერთი პრობლემა გამოიკვეთა. კიცხში მცხოვრები ახალგაზრდები დასაქმებაზე უარს აცხადებენ, რადგან ეშინიათ, სოციალური დახმარება არ დაკარგონ.
„საცხობში დამხმარე გვჭირდება. ვეძებ ახალგაზრდას, რომელსაც დავასაქმებ, მაგრამ ყველა უარს ამბობს. ვერავინ ვნახე, მუშაობა არ უნდათ. სოციალურ დახმარებებს იღებენ და ეშინიათ, მუშაობა რომ დაიწყონ, დახმარებას დაკარგავენ“, – ამბობს ელისო არჯევანიძე.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კარგი წამოწყებაა და ახალგაზრდები თუ ჩაერთვებიან, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება“, – ამბობს მერის წარმომადგენელი გია ჩხიკვაძე.
და სხვა…
კიცხელ ახალგაზრდებს სპორტული მოედნები და გასართობი ადგილები არ აქვთ. გარე განათება ცენტრალური გზის მხოლოდ ნაწილზეა დამონტაჟებული. მოსახლეობას სამასალე ხე-ტყეზე ხელი არ მიუწვდება. სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამებზე ინფორმაცია არასაკმარისად აქვთ.
სკოლის მოსწავლეებსა და მასაწავლებლებს, იმის გამო, რომ ინტერნეტპაკეტების შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ონლაინ სწავლებაში ხელი შეეშალათ.
მთელ ზონაში მხოლოდ ერთი აფთიაქია. მოსახლეობას საჭირო მედიკამენტების შეძენა უჭირს. ლამზირა წულაია ამბობს, რომ კარგი იქნება, შაბათობით ტრანსპორტი თუ დაინიშნება ხარაგაულის მიმართულებით.
– კიცხში პრობლემების მეტი რა არის, – ამბობს კიცხის დეპუტატი აკაკი ლურსმანაშვილი, – მოსახლეობასთან კომუნიკაცია მაქვს და ვიცი, მათ რა აწუხებთ, – სოფლის პროგრამის ფარგლებში შიდა გზების მოხრეშვა იგეგმება. რაც შეეხება წყლის პრობლემას, მილები გადაცემულია მოსახლეობაზე და მათ საკუთარი ძალებით უნდა გააკეთონ. ამას რაიმე მასშტაბური პროექტი არ სჭირდება. სანაგვე ურნების დამატება საჭიროა. ამასთან დაკავშირებით მერია საქმის კურსშია და როგორც კი შემოვა ურნები, მაშინვე განათავსებენ სოფელში, სადაც არის მათი ნაკლებობა.
ლიკა ხიჯაკაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის