ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების ახალ გეგმაზე მუშაობას ხარაგაულის სახალხო ლიტერატურული თეატრი 15 ივლისიდან დაიწყებს.

ეს ინფორმაცია ამ თეატრის რეჟისორის, იზა ვეფხვაძისგან მოვიპოვეთ.

-აგვისტოს პირველ რიცხვებში სამხატვრო პლენერი „გამა“ გაიმართება, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – პლენერი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა განთიადში ბახვა სამხარაძის ეზოში ჩატარდება. წელს პლენერი მეხუთედ შედგება.

ლიტერატურული თეატრის სპექტაკლებს აგვისტოდან ღია ცის ქვეშ მოვაწყობთ როგორც ხარაგაულის სოფლებში, ისე საქართველოს მთიან რეგიონებში პროექტის – „ჩემი საქართველო აქ არის“ ფარგლებში.

მარტის ბოლოს დაგეგმილი მქონდა პოეტ ტარიელ ხარხელაურისადმი მიძღვნილი სპექტაკლის პრემიერა. ეს ღონისძიება აუცილებლად შედგება და თიანეთში, პოეტის მშობლიურ რაიონშიც გაიმართება.

დიდგორის ბრძოლიდან წელს 900 წელი სრულდება და ერთი სპექტაკლის გამართვას დიდგორის ველზე ვგეგმავ.

ამ ღონისძიებების ჩატარების ზუსტს თარიღებს უახლოეს პერიოდში განვსაზღვრავთ.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: სამხატვრო პლენერი „გამა – 2019“