სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხარაგაულში პირველი ივნისიდან შინაური ცხოველების ცოფზე აცრა დაიწყო. 

რა ვითარებაა შინაურ ცხოველებში დაავადებათა გავრცელების მხრივ, ამ საკითხზე სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ავთო ვეფხვაძე გვესაუბრება.

– ჩვენი სააგენტო, ძირითადად, ზოონოზური დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკას ატარებს.

ამ ეტაპზე ხარაგაულში ცოფის საწინააღმდეგოდ შინაური ცხოველებიდან ძაღლსა და კატას ვცრით. მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 3500-მდე ცხოველის აცრა გვაქვს დაგეგმილი. სამი ჯგუფი მუშაობს და უკვე 25-მდე სოფელი შემოვიარეთ“, – ამბობს ავთო ვეფხვაძე, – ვინაიდან ხარაგაულში ცოფის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, ცხოველებს პროფილაქტიკის მიზნით ვცრით. ხარაგაულში განსაკუთრებით საშიში დაავადებების მხრივ სტაბილური სიტუაციაა.  

წინა წლებში აქტიურად მიმდინარეობდა მსხვილფეხა საქონლის დაავადებათა პროფილაქტიკაც.

2016 წელს დაფიქსირდა მოდულარული დერმატიტის შემთხვევები. სამი წლის განმავლობაში, მასობრივი ვაქცინაციის ჩატარების შედეგად, ეს დაავადება ხარაგაულში თითქმის აღარ გვხვდება. 

ავთო ვეფხვაძის თქმით, 2017 წელს მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით აიღეს ცხოველთა სისხლის სინჯები დაავადება ბრუცელოზზეც. 4200-მდე აღებული სინჯიდან ყველა მათგანი უარყოფითი იყო. 

– ასევე საშიში დაავადებაა ციმბირის წყლულიც, რომელიც ხარაგაულში 1968 წლიდან აღარ დაფიქსირებულა. ხარაგაულში არც თურქულით დაავადებული პირუტყვი გვყავს“.

განსაკუთრებით საშიში დაავადებების გარდა, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში სხვა ისეთი ინფექციური ვირუსების რისკიც არსებობს, რომელთა პროფილაქტიკას სახელმწიფო არ აფინანსებს. ავთო ვეფხვაძის თქმით, სწორედ ასეთია ჰემორაგიული სეპტიცემია  და ემკარი.

– ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი სოფლიდან დამიკავშირდნენ და როგორც სიმპტომებიდან გაირკვა, ჰემორაგიული სეპტიცემიის აშკარა ნიშნები იყო. რისკი ყოველთვის არის, ამაში მოსახლეობის აქტიურობაც მნიშვნელოვანია.  დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენას მოსახლეობა ვეტაფთიაქში შეძლებს“, – ამბობს ავთო ვეფხვაძე.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ მოსახლეობა ვაქცინას ჩაუტარებს ღორებსაც ჭირსა და წითელ ქარზე,  რადგან ეს დაავადებები ხშირად გვხვდება როგორც მსხვილფეხა რქოსანში, ასევე ღორებში. 

ავთო ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ როცა რაიმე ტიპის შემთხვევაზე ეჭვი ჩნდება, სააგენტო თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებლად რეაგირებს; ხოლო თუ რომელიმე დაავადების პროფილაქტიკა სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში არ შედის, ხარაგაულელებს 24 საათის განმავლობაში, ავთო ვეფხვაძესთან შეუძლიათ რჩევებისა და რეკომენდაციების მიღება ტელეფონით ნომერზე 595 22 11 50.

თამარ ჩხიკვაძე