განათლების სამინისტრო სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესს იწყებს, რომელიც “Microsoft საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის “Mindworks Education” ჩართულობით ხორციელდება.

პროექტი პირველ ეტაპზე ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლების სასწავლო პროცესში “Minecraft Education Edition”-ის პილოტირების რეჟიმში ინტეგრირებას გულისხმობს.

“Minecraft Education Edition” – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს იყენებენ. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. 

“Minecraft Education Edition” პროგრამა მორგებულია მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად. 

ამ დროისთვის ახალი სკოლის მოდელში ჩართულმა სკოლებმა უკვე წარადგინეს მასწავლებლები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ Minecraft-ის დანერგვის სწავლების დისტანციურ კურსში.

სამინისტროს ცნობით, პროექტში ფარგლებში გადამზადდებიან მასწავლებლები, რომლებსაც თავისუფლად შეეძლებათ “Minecraft Education Edition” -ის სხვა სკოლებში დანერგვაში მიიღონ მონაწილეობა.

ასევე, მომზადდა სატრენინგო მასალები, ქართულად ითარგმნა ვიდეო-კურსი, რომელიც ნებისმიერ მასწავლებელს შეასწავლის Minecraft-ის ბაზისებს და მოამზადებს უფრო სიღრმისეული დავალებებისთვის, გადამზადდნენ ტრენერები  და ექსპერტები. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში “Minecraft Education Edition”-ის ეფექტიანად ინტეგრირებას.

წყარო