რა და როგორ გადააფასა პანდემიამ, პანდემიის გადავლის შემდეგ რამდენად შეიცვლება ჩვენი ცხოვრება და როგორ, – ხარაგაულელები ამ საკითხებზე მსჯელობენ.

ლალი სებისკვერაძე, განათლების პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: – პამდემიამ დაგვანახა, რომ თითოეული ადამიანის საჭიროებებზე მეტად უნდა ვიზრუნოთ. ჩვენი ორგანიზაციაც დისტანციურად მუშაობდა და ვფიქრობ, უფრო მეტი ყურადღებითაც.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედი 26-ვე სკოლის ყველა მასწავლებლის საჭიროება დავინახეთ. ეს საჭიროებები რამდენიმე სკოლისთვის განსხვავებულია და ამიტომ მათთვის ტრენინგი ცალკე ჩავატარეთ.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიცვლება, ალბათ ერთმანეთისა და საზოგადოების მიმართ

მეტად პასუხისმგებლიანები გავხდებით.

მიხეილ ჭიპაშვილი, ფარცხნალის თემის მაჟორიტარი დეპუტატი: -პანდემიის გამო ბევრი რამ გადაფასდა. ვფიქრობ, გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად სოციალური დისტანცირება, თუ დარჩება, კარგიც იქნება. სოფლის მეურნეობის გაძლიერება და ადგილობრივი წარმოება რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ამაზე ბევრი დაფიქრდა.

ჩვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვლება. საზოგადოება მეტი სიფრთხილით იცხოვრებს. უკეთესი მომავლის დაგეგმვისთვის, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემია სტიმულიც იყოს და კრიზისული სიტუაციების მართვა ვისწავლოთ.

ფერიდე ბერაძე, ილიაუნის სტუდენტი: -პირველ რიგში მივხვდი, რას ნიშნავდა უნივერსიტეტში სიარული და ადამიანებთან ყოველდღიური ცოცხალი ურთიერთობები. სამი თვეა, ოჯახში ყველა ერთად ვართ და ერთმანეთს მეტად დავუახლოვდით. პანდემიის გადავლის შემდეგ ყოველ წუთს მეტად დავაფასებ, უფრო გონივრულად და რაციონალურად გამოვიყენებ.

ნატო შათირიშვილი, ზვარეს სკოლის დირექტორი: -განათლების სისტემაში ბევრი რამ გადაფასდა. დისტანციური სწავლების პრობლემები დავინახეთ. მოსწავლეებმა მაინცდამაინც  სრულფასოვანი განათლება ვერ მიიღეს. პანდემიის შემდგომ ცხოვრებაში ბევრი მანკიერების დათმობა მოგვიწევს. იმ წესების დაცვით უნდა ვიცხოვროთ, რასაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გვირჩევენ.

ბექა ჭყოიძე, კალათბურთის მწვრთნელი: -პანდემიამ ყველაფერი გადააფასა. ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებები შეგვიცვალა. სერიოზული პრობლემები დაგვიტოვა სპორტში. 13-14 წლის ახალგაზრდა სპორტსმენებს ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი დრო გაუცდათ. სპორტსმენი წარმატებას შეჯიბრების გარეშე ვერ აღწევს. გუნდურ შეჯიბრებებში სერიოზულ ჩავარდნებს ველოდები.

ძნელია განსაზღვრო, რა შეიცვლება პანდემიის შემდეგ, მაგრამ ყველაფერი რადიკალურად განსხვავებული იქნება. ადამიანმა ბევრი რამ გადაიტანა. ამაზე დიდი კატაკლიზმები დაძლია და ცხოვრების უფრო კარგად გაგრძელება შეძლო. ახლაც ასე იქნება.

იუზა ვეფხვაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი: -კორონავირუსის პანდემიამ ადამიანები ერთმანეთს და მშობლიურ ადგილებს მეტად დააახლოვა. ზოგი ჭირი მარგებელიაო და დედამიწა თითქოს ერთ სახლად იქცა.

ჩვენი ცხოვრება უკვე რადიკალურად შეიცვალა – ერთმანეთის მოფრთხილება და დისტანცირება ვისწავლეთ. შევზღუდეთ რიტუალები, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენლად მიგვაჩნდა.  ვფიქრობ, ასეც უნდა გავაგრძელოთ.