15 ივნისს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ვიზიტორებისთვის გაიხსნა. 

ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მულაძის თქმით,  საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვიზიტორების ჯგუფი  დღეს პარკში სალაშქროდ უკვე შევიდა. 

მისივე განმარტებით, ვიზიტორებს პარკის ტერიტორიაზე შესასვლელად შესაბამისი რეგულაციების დაცვა დასჭირდებათ – ვიზიტორთა ცენტრში ერთდროულად მხოლოდ ხუთი ვიზიტორის შესვლაა ნებადართული.

„გუნდის დანარჩენ  წევრებს შეუძლიათ, მეგობრებს გარეთ დაელოდონ  და შემდეგ ისევ ხუთკაციანი ჯგუფი შევიდეს რეგისტრაციის გასავლელად. დამთვალიერებლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ  პირბადეები“, – ამბობს ნათია მულაძე და განმარტავს, რომ ამ ეტაპისთვის, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ყველა სერვისის მუშაობა ნებადართული არ არის.

კერძოდ, ჯერჯერობით შეზღუდულია საერთო თავშესაფრებში ღამისთევა.

„ამ ეტაპზე,  უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვიზიტორებს შეუძლიათ ღამე გაათიონ საკუთარ კარვებში. თავშესაფრების გეოგრაფიული განლაგების გამო მათი დეზინფიცირებაც რთულია და შესაბამისად, მოლაშქრეებისთვის საკუთარი აღჭურვილობით გადაადგილება ბევრად უსაფრთხოა“, – ამბობს ნათია მულაძე. 

ამ დროისთვის ეროვნულ პარკში, ხარაგაულის მხრიდან,  13 ხიდის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. თუმცა პანდემიის გამო განახლების პროცესი შეფერხდა და ჯერ ყველა ხიდის მშენებლობა დასრულებული არ არის. 

 ასევე, განახლების პროცესშია ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრის შენობაც. პანდემიის გამო შეჩერებული ეს პროცესი მალე განახლდება. 

თამარ ჩხიკვაძე