ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური ხარჯების გაზრდას ითხოვს.

მაისში მან საკრებულოს თავმჯდომარეს, მანანა ბარბაქაძეს, ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილების განსახორციელებლად ბიუროს სხდომის ჩატარება მოსთხოვა. დეპუტატი ერთჯერადი ფინანსური დახმარებისთვის განსაზღვრული თანხის გაზრდას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯზე ითხოვს.

ავალიშვილისთვის არასაკმარისია მანანა ბარბაქაძის ინფორმაცია, თუ ვის დაეხმარენ კორონავირუსის პანდემიის დროს და ასევე იმის განმარტება, რომ საბიუჯეტო ცვლილების პროექტი მერიამ უნდა შეიმუშაოს.

ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბევრი ისეთი გაჭირვებული ოჯახია, რომლებიც იმ ბენეფიციართა რიცხვში ვერ მოხვდნენ, ვისაც ადგილობრივი ხელისუფლება საკვები პროდუქტებით დაეხმარა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა შეზღუდვების პერიოდში დახმარებისთვის განსაზღვრა მოქალაქეთა შემდეგი კატეგორიები – 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პირები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, უსინათლოები.

თუმცა, როგორც თორნიკე ავალიშვილი ამბობს, მუნიციპალიტეტში ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსის ყველა მოქალაქეს ვერ დაეხმარენ.

– ეს იმაზე მეტყველებს, რომ მერიასა და საკრებულოს შორის კომუნიკაცია არ არსებობს, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი, – მეტიც, სოფლებში მერის წარმომადგენლები მოქალაქეების საჭიროებებს არ იცნობენ.

– როცა ფინანსთა სამინისტროსგან მივიღებთ საბოლოო პასუხს, რა თანხით შევამციროთ ადგილობრივი ბიუჯეტი, მაშინ შევძლებთ ცვლილებებზე საუბარს, – ამბობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი.

მან თორნიკე ავალიშვილს იმ პირთა სიის წარდგენა მოსთხოვა, რომლებსაც საკვები პროდუქტებით დახმარება სჭირდებათ და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩნენ.

თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე საკრებულოს სხდომაზე უფრო დეტალურად ისაუბრებს.

ნინო კაპანაძე