
სამი ტყუპის ამქვეყნად მოვლინება მშობლებისთვის სამმაგი ბედნიერებაა. სწორედ ამ იშვიათ სიხარულს ეზიარენ გასულ ზაფხულს ალექსანდრე კავილაძე და მაია ჯიშკარიანი.
ალექსანდრე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახუნდარიდანაა, მაია – ხობის რაიონის სოფელ ახალი ხიბულადან. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო, მალევე დაახლოვდნენ და ლამაზი ოჯახი შექმნეს.
მალე ოქროს კულულებიანი პრინცესა, ანამარია შეეძინათ. ამ ლამაზმა, თბილმა და ჭკვიანმა გოგონამ ალექსანდრესა და მაიას ცხოვრება მთლიანად შეცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ კი შეიტყვეს, რომ სამი ტყუპის მშობლები უნდა გამხდარიყვნენ.
„ამის გაგება ჩვენთვის სასწაული იყო, – ამბობს მაია, – მაშინდელი ემოციები არასდროს დამავიწყდება. თან ვტიროდი, თან ვიცინოდი. იმ მომენტში ყველა ემოცია ერთად გამოვხატე.
შეგვეშინდა კიდეც, რადგან სამი ტყუპის გაჩენა ჩემს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. ძალიან რთული ორსულობა მქონდა. ფსიქოლოგიურად ვმუშაობდი ჩემ თავზე, რომ როცა დაიბადებოდნენ, სამი ტყუპის გაზრდა ადვილი არ იქნებოდა.
თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ გვერდით მიდგანან ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან. რთულია, მაგრამ თავს ვართმევ. არასდროს მიფიქრია, რომ ტყუპების დედა გავხდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ტყუპისცალია და ტყუპი დები მყავს.
ვფიქრობდი, რომ უფრო ჩემს რომელიმე დას შეეძინებოდა ტყუპები. თუმცა, ეს ბედნიერება, ჯერჯერობით, მე მხვდა წილად“.
2019 წლის 22 ივლისს ამ ქვეყანას სამი ვაჟი – სანდრო, მათე და გაბრიელ კავილაძეები მოევლინენ. სახელები დაიკომ შეურჩია.
„სახელებზე ბევრს ვფიქრობდით. ერთ დღესაც, ანამარიამ, თითქოს ვიღაცამ ჩასძახაო, თქვა, რომ სანდრო, მათე და გაბრიელი ჩემი ძამიკოები არიანო. გული ვერ დავწყვიტეთ, თან ჩვენც მოგვეწონა ეს სახელები. არ ვიცი, საიდან მოიფიქრა. შეიძლება საბავშვო ბაღში ჰყავს ჯგუფელები, რომელთაც ეს სახელები ჰქვიათ“.
სანდრო, მათე და გაბრიელი, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად თითქმის იდენტურები არიან, ხასიათებით რადიკალურად განსხვავდებიან. ერთმანეთთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ, რაც, ზოგადად, ტყუპებს ახასიათებთ.
„ერთხელ ერთ-ერთი ქუთაისის საავადმყოფოში მეწვინა. ორი ტყუპი დედაჩემს დავუტოვე. როგორც მან მითხრა, ის ოთხი დღე ძალიან წუხდნენ და ჭირვეულობდნენ. ვფიქრობ, ხვდებოდნენ და გრძნოდნენ, რომ მათი ძამიკო ცუდად იყო და რომ ბევრს ტიროდა. ასეთი რაღაცები ხშირად ხდება, ემოციებს გადასცემენ ერთმანეთს. ვცდილობ, ერთდროულად ვაჭამო. ერთს მე ვაჭმევ, მეორეს მამაჩემი და მესამეს დედაჩემი“.
ალექსანდრე, უკვე შვიდი თვეა, რაც ავღანეთში მსახურობს. ამიტომ მაია მშობლებთან ხობში, სოფელ ახალ ხიბულაში იმყოფება.
„ჩემი მეუღლე სანამ ავღანეთში წავიდოდა, ძალიან მეხმარებოდა. ჩემთან ერთად ათევდა ღამეებს. ბავშვებთან რომ მარტო დავრჩი, ძიძა ავიყვანეთ, – სხვა გამოსავალი არ იყო. მარტიდან მოყოლებული, ძიძა აღარ მყავს და ამიტომ ლახუნდარიდან, დროებით, მშობლების ოჯახში წავედი.
ერთმანეთზე ზრუნავენ, ბევრს თამაშობენ, ანამარია ძამიკოებს ზღაპრებსა და თავის ამბებს უყვება. მათთან ერთად ელოდებიან მამიკოს დაბრუნებას.
„ტყუპების მშობლებს, პირველ რიგში, მოთმინების უნარს ვუსურვებ. შეიძლება ერთი დღე ძალიან რთული იყოს, მაგრამ მეორე – ძალიან ბედნიერი. უბრალოდ, უნდა ეცადონ, რომ ყველაფერში დადებითი დაინახონ და ხალისი არ დაკარგონ“, – ურჩევს მაია ახალბედა დედებს.
ლიკა ხიჯაკაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის