საქართველოში სასტუმროების მომსახურება  26 მარტს, ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, შეიზღუდა. 

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იწყებს ამოქმედებას. პირველი ივლისიდან კი  ტურიზმის სფერო საერთაშორისო ვიზიტორებსაც ელოდება.

რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ხარაგაულში სასტუმროებისა და ოჯახური  ტიპის სასტუმროს მფლობელები, რა რეგულაციებით, სიახლეებითა და მოლოდინებით ხვდებიან ტურისტულ სეზონს, ამის შესახებ ისინი თავად საუბრობენ. 

სასტუმრო „უღელტეხილი“ განახლებული ფორმით ხარაგაულში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სასტუმრო  24 ვიზიტორზეა გათვლილი და აქ, ორი ადამიანია დასაქმებული.

„უღელტეხილის“ მფლობელის, თამაზ ხარატიშვილის თქმით, მუშაობის შეჩერება სასტუმროზე უარყოფითად აისახა: „ბანკის ვალი გვქონდა. მართალია, ბანკმა სესხის გადახდა გადაავადა, თუმცა ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ და ავამუშაოთ“.  

თამაზ ხარატიშვილი სასტუმროს გახსნას 20 ივნისის შემდეგ გეგმავს. თუმცა, ჯერ არც ერთი შეკვეთა არ მიუღიათ. ფიქრობს, რომ სასტუმროს მომსახურების ღირებულება უმნიშვნელოდ გაიზრდება, ეკონომიკური ცვლილებებიდან გამომდინარე.

მისი თქმით, შენობაში აქტიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. შენობაში covid-19-ის შესახებ საინფორმაციო ბროშურები თვალსაჩინოდ განათავსეს. სასტუმროს რესტორანი და კაფე გაქირავებულია, რომელიც ასევე შემუშვებული რეგულაციების დაცვით ფუნქციონირებს. 

თამაზ ხარატიშვილის თქმით, გაზაფხულსა და ზაფხულზე სასტუმრო დაახლოებით 300-400 სტუმარს იღებს. ახლა მომავალ ტურისტულ სეზონზე საუბარი უჭირს და აღნიშნავს, რომ უცხოელები ხშირად ძირულა-ჩუმათელეთის გზის გავლით ველოსიპედებით  შემოდიან ხარაგაულში და სანამ ინფრასტუქტურა არ მოწესრიგდება, თანაც – პანდემიის ფონზე, ძალიან რთული იქნება აქტიურ ტურისტულ სეზონზე საუბარი“.

მოსალოდნელ ხარვეზებზე საუბრობს მარიკა ბააკაშვილიც, რომლის ოჯახსაც სულ ერთი წელია, რაც ხარაგაულში საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს. ხშირად მასპინძლობენ უცხოელებსა და სამსახურეობრივი მივლინებით ჩამოსულ სტუმრებს. ეკონომიკურად ამ სიტუაციამ მათზეც უარყოფითად იმოქმედა.

„მასწავლებელმა, რომელიც ჩვენი მუდმივი მაცხოვრებელი იყო, ჯავშანი გააუქმა. ზამთარში ყინვამ წყლის გამათბობელიც დააზიანა და ხარჯების გადახდაც განვადებით მოგვიწია“, – ამბობს მარიკა ბააკაშილი.

მისი თქმით, სამომავლოდ, ბინის გაქირავების საფასურის გაზრდა მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ უნდა. „საკვებზე ფასები გაიზარდა. ბაზარმა იძულებული გაგვხადა, რომ გაქირავების ღირებულების გაზრდაზე გვეფიქრა. არ ვარ მოხარული იმით, რომ ფასის მომატება მიწევს“.

მარიკა ბააკაშვილის ოჯახი სადეზინფექციო სამუშაოებს აქტიურად ატარებს. თუ ეპიდსიტუაცია არ დამძიმდა, ივლისში არქეოლოგების ჯგუფს ელოდებიან. თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ სიტუაციაში სიფრთხილის დაცვა და რეგულაციების შესრულება უმნიშნელოვანესია.  

მარტში, კარანტინის გამოცხადებამდე, კაფე „ეიფელის“ მეორე სართულზე სასტუმროს გაფართოებას გეგმავდა გიორგი მუხურაძე, თუმცა გადადება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ივლისიდან ამოქმედებას საერთაშორისო ტურიზმიც იწყებს, გიორგი უცხოელ ვიზიტორებს ნაკლებად ელოდება. ის ფიქრობს, რომ წელს ადგილობრივი დამსვენებლები უფრო დაინტერესდებიან და ამბობს, რომ მომსახურების ღირებულების გაზრდას არ გეგმავს, თუ ქვეყანაში ინფლაციის დონე არ გაიზარდა.

2020 წლის ტურისტულ სეზონზე შემოსავლების მოლოდინი არ აქვს „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელსა და ტურიზმის სფეროს ექსპერტს ვატო ასათაშვილს. მისი თქმით, სასტუმროების სფეროში მომსახურებაზე ფასის გაზრდა მართებული არაა, რადგან ქვეყანაში გადახდისუნარიანი მოსახლეობა ცოტაა.

„რეგიონული სასტუმროები მცირე დატვირთვით იმუშავებს. თანხაც საკმარისი არ იქნება, რომ ამ ბიზნესმა წლის ბოლომდე თავი გაიტანოს. სამწუხაროდ, უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ტურიზმი 2020 წელს ვერ იმუშავებს“, – ამბობს „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი და ტურიზმის სფეროს ექსპერტი ვატო ასათაშვილი და ამ სფეროში თვითდასაქმებულ პირებსა და ფინანსური ვალდებულებების მქონეთ ალტერნატიული შემოსავლის მოძიებას ურჩევს.

თამარ ჩხიკვაძე

ფოტოზე: სასტუმრო „უღელტეხილი“