პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ მყოფ სტუდენტებს შორის ხარაგაულელი გიორგი კურტანიძეცაა. ის ამჟამად პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტში Erasmus+ – ის გაცვლითი პროგრამით სწავლობს.

გიორგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ხევის საჯარო სკოლის დასრულებისთანავე ჩაირიცხა. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ამავე უნივერსიტეტში კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა სწავლა. პარალელურად კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩააბარა. Erasmus+ – ის გაცვლითი პროგრამა რომ გამოცხადდა, ბევრი არ უფიქრია,  კონკურსში ჩაება და გაიმარჯვა.

გიორგის ახალ გარემოსთან შეგუება არ გასჭირვებია, რადგან მანამდეც ჰქონდა სხვა ქვეყნებში ცხოვრების გამოცდილება. თანაც, როგორც თვითონ ამბობს, საკმაოდ გაუმართლა, რადგან ჯგუფელები გამორჩეულად მეგობრულები არიან. მათი დახმარებით კი სრულიად უცხო ქალაქში ცხოვრებას მარტივად შევეჩვია.

პოლონური სწავლების მეთოდები მოსწონს და იმედოვნებს, რომ იგი ქართულ საუნივერსიტეტო სწავლებაშიც დაინერგება. გიორგი ამბობს, რომ პოლონური განათლების სისტემა, უმეტესად, პრაქტიკულ მეცადინეობებზეა ორიენტირებული, ნაცვლად თეორიული მასალის დაზეპირებისა.

პანდემიამ, ისევე როგორც ყველას, გიორგის ცხოვრებაც შეცვალა. თუმცა, სახლში დარჩენილს დრო უქმად არ დაუკარგავს. ყოველი წუთის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობდა. საინტერესო წიგნებს კითხულობდა, ფილმებს უყურებდა, ონლაინლექციებს ისმენდა, ვარჯიშობდა.

„რთულია, სახლში დარჩე და მეგობრები არ ნახო, ქუჩებში მათთან ერთად არ ისეირნო, მაგრამ იმჟამინდელი მდგომარეობა ამ ყველაფერს მოითხოვდა. ვფიქრობ, მთავარია იცოდე, შენი თავისუფალი დრო ნაყოფიერად როგორ გამოიყენო; კარანტინის პერიოდში პანიკაში არ ჩავარდე და, მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, შენი თავი პოზიტურად განაწყო“.

შექმნილი ვითარებიდან  გამომდინარე, ჩვენი ბევრი თანამემაულე, მათ შორის სტუდენტებიც, სამშობლოში სპეცრეისებით დაბრუნდნენ. თუმცა გიორგიმ ჩათვალა, რომ მგზავრობა რისკის შემცველი იქნებოდა და ამიტომ პოლონეთში დარჩა. ახლა, როდესაც მდგომარეობა უმჯობესდება, ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„საბედნიეროდ, ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, მე კი უკვე მოვასწარი პოლონეთის რამდენიმე ქალაქისა და ბალტიის ზღვის მონახულება. იმედი მაქვს, მალე მეზობელი ქვეყნები საზღვრებს გახსნიან და სხვა ქვეყნებში მოგზაურობასაც შევძლებ“.

სამომავლო გეგმებზე საუბარი უჭირს. თუმცა, ზუსტად იცის, რომ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ხარაგაულს მოახმარს.

ლიკა ხიჯაკაძე