სკოლაში, უმაღლეს, პროფესიულ სასწავლებლებსა და მეცნიერებაში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების კვლევა არ ხდება.

აქედან გამომდინარე, წლებია, პროგრამული ჰარმონია უნივერსიტეტსა და სკოლას შორის მოშლილია, – მიაჩნია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელ რუსუდან ჩაჩანიძეს.

ის წამყვანი მასწავლებელია და ამჟამად განათლების მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. რუსუდან ჩაჩანიძეს საგანმანათლებლო სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ვესაუბრეთ.

-ქალბატონო რუსუდან, რა პრობლემებს ხედავთ დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემაში, რამდენად ამზადებს სკოლა მოსწავლეებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის?

-ბევრი და რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ. რა უნდა ვასწავლოთ სკოლაში, რომ მოსწავლე თვითრეალიზებული იყოს, ამის ანალიზი არ გვაქვს. 21-ე საუკუნის გაკვეთილზე მოსწავლეს, გარდა საჭიროებებიდან გამომდინარე პროგრამისა, კომპეტენტური მასწავლებელი სჭირდება. მასწავლებელს კი უნდა ჰქონდეს პირობები, როგორც სკოლის ბაზაზე, ასევე სახლში.

საჭიროების ანალიზის მიხედვით, სწავლა-სწავლების პროცესში უნდა დავისახოთ მიზანი და შემდეგ შევაგროვოთ რესურსები.

ადრინდელი ბიჰევიორისტული მიდგომა, რომელიც ქცევების დასწავლას გულისხმობს, ჰუმანისტურმა მიდგომებმა შეცვალა. მოსწავლე სწავლის პროცესში არ არის „სუფთა დაფა“. ის არის პიროვნება, რომელსაც გაკვეთილზე დიდი როლი აქვს. სწავლება, რომელიც ლექციურია – მასწავლებელი მხოლოდ გაკვეთილს ხსნის და მოსწავლე სწავლობს, აღარ გამოგვადგება.

სამწუხაროდ, მოსწავლე დღეს ვერ ხედავს პროფესიული განათლების საჭიროებას.  უნივერსიტეტებშიც ძალიან დაბალი მოტივაციით სწავლობენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ მთავრობის ბრალია. საზოგადოებამ ხელისუფლებას საკუთარი საჭიროებები უნდა უკარნახოს. ჩვენ კარგი და ცუდი მთავრობები კი არ გვყავს, არამედ ისეთი, როგორსაც ვიმსახურებთ და მგონი, ცოტა უკეთესი.

რა სჭირდება სტუდენტს, რომელმაც, მაგალითად, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩააბარა. მივა ლექტორი და რაღაც წიგნიდან ასწავლის. ეს წიგნი ნამდვილად გამოადგება თუ არა, ამის კვლევა არ ხდება. საბოლოოდ, ყველაფერი დამსაქმებლის საჭიროებებს უნდა მოერგოს. სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პროგრამები ამ კვლევების საფუძველზე უნდა დგებოდეს. ეს კი ადვილი საქმე არ გახლავთ, – დიდი ცოდნა და ფინანსები სჭირდება.

ევროპულ ქვეყნებში ბიზნესისგან მატერიალური დოვლათი დაგროვდა, რომელსაც სახელმწიფო იყენებს, პირველ რიგში, განათლების სისტემის განვითარება-გაძლიერებისთვის. ჩვენ ჯერ ეკონომიურად სუსტი სახელმწიფო ვართ.

21-ე საუკუნეში გადარჩენა რთულია, რადგან პროფესიები მუდმივად ახალგაზრდავდება. ისეთ ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ, რომ გუშინ ნასწავლი დღეს უკვე აღარ გამოგვადგება.

-რამდენად იძლევა დღეს მოქმედი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა პედაგოგების რეალური განვითარების შესაძლებლობას?

-თავიდან გამოცდის ჩაბარება აუცილებელი იყო და მასწავლებელი, რომელიც საგამოცდო საკითხების 60%-ს სწორად უპასუხებდა, სერტიფიცირებული ხდებოდა. ეს ზღვარი ყველა პროფესიაში მოქმედებს – გამოცდებს აბარებენ მოსამართლეები, ადვოკატები, ექიმები და ა. შ.

საერთაშორისო ორგანიზაციები გვეუბნებიან, რომ მასწავლებლების სერტიფიცირება გამოცდის გზით აუცილებელია. ამას ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს.

სამწუხაროდ, მასწავლებლების უმრავლესობა გამოცდაზე 60%-ზე ნაკლებს იღებდა. ამიტომ მთავრობა თავისი მოქალაქეების მიმართ დათმობაზე წავიდა. ხელისუფლებამ მოქალაქეების მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიმუშავა მოდელი და მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახეს, მისცა შესაძლებლობა, სხვადასხვა საშუალებებით (ტრენინგებში მონაწილეობა, რესურსების შექმნა, აქტივობების განხორციელება) სერტიფიცირებულები გამხდარიყვნენ. შეიძლება ამაში კარგიც დაინახო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 60%-ზე დაბალი ცოდნა არასაკმარისია.

-ქალბატონო რუსუდან, კორონავირუსის პანდემიამ რა გამოწვევების წინაშე დააყენა საგანმანათლებლო სისტემა?

-რამდენიმე გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით – ეს არის ტექნოლოგიური, პედაგოგიური და ფსიქოლოგიური მზაობა.

განათლების სამინისტრომ ონლაინ სწავლებისთვის რამდენიმე პროგრამა შემოგვთავაზა, მაგრამ მოსწავლეებს მათი გამოყენება გაუჭირდათ. არც მასწავლებლები აღმოვჩნდით მზად იმისთვის, რომ მიზანზე ორიენტირებული გაკვეთილი ონლაინ დაგვეგეგმა. ყველა მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა. ონლაინ სწავლება ფსიქოლოგიური სტრესი იყო მშობლისთვის, მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის.

ძალიან მინდა, რომ მოსწავლე სწავლის საჭიროებას ხედავდეს. ჩვენი ქვეყანა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც წინ მიდის. ცხოვრება მოგვეცა იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ პიროვნულად და სულიერად. რაც კაცობრიობა არსებობს, მუდმივად განვითარებისკენ მიისწრაფვის. ეს ტენდენცია მინდა ჰქონდეთ ჩემს მოსწავლეებსა და კოლეგებს.

ნინო კაპანაძე