ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცხრა საბავშვო ბაღში 8 სექტემბერს სწავლა განახლდა.

აღმზრდელებმა კიცხელი პატარები ახლადაგებულ შენობაში, ხოლო ბორითელი აღსაზრდელები გარემონტებულ და განახლებულ საბავშვო ბაღში მიიღეს.

„საბავშვო ბაღის ახალი შენობის გახსნით კიცხელების ორმოცწლიანი ოცნება ახდა, – ამბობს კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი უჩა ბერაძე,  შეჩერდება მიგრაცია, რომელსაც განიცდიდა სოფელი. იმის გამო, რომ კიცხის საბავშვო ბაღში არ იყო ნორმალური პირობები, ახალგაზრდა ოჯახები ზესტაფონსა და ხარაგაულში გადადიოდნენ საცხოვრებლად.

დღეს კი თითოეულ ბავშვს მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ აღიზარდოს და სრულფასოვანი სკოლამდელი სწავლა-განათლება ნორმალურ პირობებში მიიღოს.“

ათწლიანი ლოდინის შემდეგ ბორითის საბავშვო ბაღის შენობა გარემონტდა. აქამდე მისი გარემონტება ვერ ხერხდებოდა, რადგან ეს შენობა არ იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება.

ბორითის საბავშვო ბაღის გამგე თამარ ტაბატაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუშაობის პირობები.

„წყლის პრობლემა გვაქვს მხოლოდ. ყველა სხვა პრობლემა მოგვარებულია. ამჟამად საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს ერთი ჯგუფი 25 აღსაზრდელით. მათთვის საჭირო ინვენტარი და სათამაშოები გვაქვს. უახლოეს მომავალში ველოდებით ინვენტარს, რომ დამატებით ორი ჯგუფი გაიხსნას. კიდევ ორმოცდაათ ბავშვს სურს ბორითის საბავშვო ბაღში მოსვლა,“ – ამბობს თამარ ტაბატაძე.

ბორითელ ავთანდილ ბარბაქაძეს საბავშვო ბაღში შვილთაშვილი დაჰყავს და ძალიან უხარია, რომ საშველი დაადგა საბავშვო ბაღის შენობის გარემონტებას.

მშობელი მაკა კოდუა ამბობს, რომ ბაღის განახლება ყველას ძალიან უხარია.

მაკა ლურსმანაშვილმა ორი შვილი წელს პირველად მიიყვანა ბორითის საბავშვო ბაღში და ამბობს, რომ მის სოფელში ბაღის ფუნქციონირებას მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მუშაობს და თან – საფუძვლიან განათლებას მიიღებენ მისი შვილები სკოლაში შესასვლელად.

„ათი წელია, ამ შენობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემას ველოდებოდით, – ამბობს ბორითის მაჟორიტარი დეპუტატი მანანა ბარბაქაძე, – რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ ბაღის შენობის გარემონტება. დღეს პატარებსა და დიდებს ერთნაირად გვიხარია.“

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ნინო ბუხნიკაშვილი, კიცხისა და ბორითის საბავშვო ბაღების გამგეები გულიკო მაღლაფერიძე და თამარ ტაბატაძე, აღმზრდელები და აღსაზრდელთა მშობლები კმაყოფილებას გამოხატავენ მათ მიმართ, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა კიცხისა და ბორითის საბავშვო ბაღების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში.

ლაურა გოგოლაძე