

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს.
ევროპის სამეზობლო პროგრამის – სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმიანობის დაწყება სურს.
საქართველოში ევროკაშვირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ეჩანოვე განმარტავს, რომ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა სამი მიმართულებით დაიხარჯება – სოფლის განვითარების ხელშეწყობა, კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა და საბიუჯეტო დახმარება.
„გრანტების მეშვეობით ხელს შევუწყობთ ახალი კოოპერატივების ჩამოყალიბებას. კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დავეხმარებით იმისთვის, რომ მათ ტრენინგებით ხელი შეუწყონ კოოპერატივების ჩამოყალიბებას. ეს სწავლება კოოპერატივების წარმომადგენლებს დაეხმარება ბიზნესის უკეთ წარმოებაში,“ – ამბობს ხუან ეჩანოვე.
მისივე თქმით, კოოპერატივების განვითარების პროგრამა ორ კომპონენტს მოიცავს: შესაძლებლობის გაძლიერება, სწავლება და ინვესტირება. „მთავარი კრიტერიუმი ამ შემთხვევაში ბიზნესგეგმა იქნება. ყურადღებას მივაქცევთ წინა ისტორიასაც. კოოპერატივს გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა უნდა ჰქონდეს განხორციელებული,“ – ამბობს ხუან ეჩანოვე.
ინვესტირება გულისხმობს ინფრასტრუქტურის ან ტექნიკური აღჭურვილობის შეძენაში დახმარებას, ოღონდ – თანადაფინანსების პრინციპით. გრანტის მთლიანი თანხის 20% კოოპერატივმა თავად უნდა მოიძიოს. ეს, ხუან ეჩანოვეს თქმით, მნიშვნელოვნია იმისთვის, რომ ვიცოდეთ, ვის აქვს ნამდვილი ბიზნესმიდგომა.
ავიღოთ ასეთი მაგალითი: შესაძლოა, კოოპერატივს სჭირდება მაცივარი, რომელიც 20 ათასი ევრო ღირს. ამ თანხის 20% არის 4 ათასი ევრო. თუ კოოპერატივში ათი ფერმერია, თითოეულს 400 ევროს მოძიება მოუწევს. შესაძლოა, ამისთვის მას ძროხის გაყიდვაც მოუხდეს, მაგრამ სამაგიეროდ ეს გახდება მისი მეურნეობის განვითარების ნაწილი.
„ევროკავშირის პროგრამებში ეს სტანდარტული მოთხოვნაა – გრანტის მთლიანი თანხის 20% გრანტის მიმღებმა უნდა მოიძიოს. არ გვინდა ხელი შევუწყოთ ზარმაც ადამიანებს, რომლებსაც ადვილად ხელმისაწვდომი თანხით სარგებლობა სურთ,“ – დასძენს ხუან ეჩანოვე.
nსოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვაჟა მაჭავარიანი ამბობს, რომ მთელი ყურადღება გადატანილია კოოპერატივების ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე.
მისივე თქმით, შეიძლება სოფელში იყოს ერთი კაცი, ვისაც სურს კოოპერატივის ჩამოყალიბება, მაგრამ ვერ ნახულობს თანამოაზრეებს.
მთის სოფელში კოოპერატივის ჩამოსაყალიბებლად სამი ფერმერია საჭირო, ბარის სოფელში – ხუთი.
„მოსახლეობა სიფრთხილით და ეჭვით უყურებს კოოპერატივების შექმნას. ფიქრობენ, რომ ეს ძველი კოლმეურნეობის მსგავსია. კოოპერატივი ყველანაირად უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ფერმერებს,“ – განმარტავს ვაჟა მაჭავარიანი.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს, რომ ქართული პროდუქცია სპეციალური შეფუთვისა და ლაბორატორიული შემოწმების გარეშე ვერ შევა ევროპის ბაზარზე. ეს კი ადვილად შესაძლებელია კოოპერატივის შემთხვევაში.
„ფაქტობრივად, ოჯახში წარმოებულ პროდუქციას არა მარტო უცხოური, არამედ ქართული ბაზარიც აღარ მიიღებს, – ამბობს ვაჟა მაჭავარიანი, – 10-15 კილო ყველის წარმოებით ბაზარზე საკუთარ ნიშას ვერ ვიპოვით. დიდი რაოდენობის წარმოებისთვის კი გაერთიანებაა საჭირო.“
ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, ENPARD-ის პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ აცხადებს საგრანტო კონკურსს „მცირე ფერმერთა კოოპერაცია და პროდუქტიულობის ზრდა.“ მისივე თმით, ორგანიზაცია ეხმარება დაინტერესებულ პირებს სადემონსტრაციო-სამოდელო მეურნეობის შექმნაში.
ორგანიზაციის ხელმძღვანელები გეგმავენ ხარაგაულში დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრას.
მეფუტკრე ლაშა გურგენიძე ფიქრობს, რომ ხარაგაულში პერსპექტიულია კოოპერატივების შექმნა და ეს იქნება ხელსაყრელი მოსახლეობისა და ბიზნესის განვითარებისთვის.
მისივე თქმით, კოოპერატივი საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი პროდუქციის ევროპის ბაზარზე მოსახვედრად.
„რამდენიმე დაინტერესებული მეფუტკრე შევარჩიე, – გვიამბობს ლაშა გურგენიძე, – იმედია, ვითანამშრომლებთ. კოოპერატივი არის მომავლის საქმე.“
მისივე თქმით, აუცილებელია საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს ადგილობრივ მცირე მეწარმეებთან და ფერმერებთან, მიიწვიონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრებზე, რადგან მოსახლეობას სჭირდება უფრო სრულყოფილი და დეტალური ინფორმაცია კოოპერატივებთან თუ სხვა სიახლეებთან დაკავშირებით.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“