შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) და განათლების სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასარიდებლად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წესები შეიმუშავეს.

მათგან რამდენიმე განსაკუთრებულად საყურადღებო აღმოჩნდა:

  • აბიტურინეტებს გამოცდის ჩაბარებისას აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადე;
  • იკრძალება კონდიციონერების ჩართვა;
  • გამოცდიდან მოიხსნება აბიტურიენტი, თუ ნიღბის მოხსნაზე, სოციალური დისტანციის დარღვევასა ან ხელების დამუშავებაზე ორჯერ მიიღებს შენიშვნას;
  • სიცხისა და სიმპტომების გამო გამოცდიდან მოხსნილ აპლიკანტს გამოცდაზე გასასვლელად მეორე შანსი აღარ მიეცემა.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ამ სიახლესთან დაკავშირებით ხარაგაულელ აბიტურიენტებსა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს ესაუბრა. 

ხარაგაულის გიმნაზიის კურსდამთავრებული ნინო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ეროვნული გამოცდების პირბადით ჩაბარება უსამართლოა. მას პირბადის გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში არ შეუძლია, რადგან იხუთება და სუნთქვის პრობლემა ექმნება. ნინო სათვალეს ატარებს. ამიტომაც გამოცდები მისთვის ორმაგი დისკომფორტი და ფსიქოლოგიური სტრესი იქნება.

„სათვალისა  და პირბადის ერთად ტარება ძალიან რთულია. სათვალეს პირბადეზე ვერ ვაჩერებ, მინები იორთქლება. არ ვიცი, 4 საათის განმავლობაში სათვალეზე უნდა ვკონცენტრირდე, სუნთქვაზე თუ საგამოცდო საკითხებზე“, – ამბობს ნინო და განმარტავს, რომ თუ საგამოცდო ოთახში ათი ადამიანი იქნება, შესაბამისი დისტანციის დაცვით, მაშინ აბიტურიენტებს პირბადის ხმარება აღარ უნდა დაავალდებულონ. 

ნინო ჭიპაშვილი გამოცდებზე ძალიან ნერვიულობს. მანამდე ქართულის მასწავლებელთან პირბადითა და სათვალეებით „რეპეტიციის“ გავლას აპირებს და იმედოვნებს, რომ ეს წესი შეიცვლება. 

პირბადით გამოცდის წერის სირთულეზე საუბრობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანა კალანდაძეც. ანა ფიქრობს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, პირბადის ტარება აუცილებელია და ნაწილობრივ ემხრობა კიდეც ამ სიახლეს. თუმცა მას სუნთქვის უკმარისობა აქვს და არ იცის, ამ პირობებში გამოცდას როგორ ჩააბარებს. „ერთი საათიც კი ვერ ვძლებ და 4 საათი რომ მეკეთოს ნიღაბი, ალბათ გული წამივა, გონებას დავკარგავ“, – ამბობს ანა.

შემუშავებული სიახლით შეწუხებულია კიცხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი კვაშილავაც.  გიორგის თქმით, მისთვის პირბადით გამოცდის წერა წარმოუდგენელი იქნება. მისი კლასელებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან და ამბობს, რომ სამწუხაროდ, ამ თემაზე რასაც სახელმწიფო გადაწყვეტს, აბიტურიენტებს იმის შესრულება უწევთ. 

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თეა ტალახაძის, თქმით, ეს მეთოდი ყოვლად გაუმართლებელია და შესაძლოა, ზაფხულის სიცხეში, მაღალ ტემპერატურაზე, 4 საათის განმავლობაში ერთი და იგივე პირბადეში სუნთქვამ ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნას.

„ეს აბიტურიენტზე ზრუნვა არაა. ახალგაზრდას, რომელიც  სკოლას ამთავრებს და ახალ ცხოვრებას იწყებს. სახელმწიფო პირველივე დღეს დიდ პრობლემას უქმნის. კონდიციონერით მუშაობა უფრო გამარტივდება, ზოგს ასთმა აქვს, პირბადის მოხსნისას მეორე შენიშვნაზე გამოცდიდან ხსნიან. წყალი რომ მოწყურდეს აბიტურიენტს?  ანუ, ერთხელ მეტად მოწყურების უფლებაც არ აქვს?“, – ამბობს თეა და განმარტავს, რომ ამ კანონის შემდეგ შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ელექტრონულად ჩატარება უფრო რელევანტური ყოფილიყო, თუმცა რამდენად შეძლებს სამინისტრო, რომ ეს მოკლე დროში მოასწროს, რთული სათქმელია.

თეა ტალახაძე იმედოვნებს, რომ ეს სიახლე სამუშაო ვერსიაა და მოქალაქეების მოსმენის შემდეგ შესაბამისი უწყებები წესს შეცვლიან.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას ეხმიანება იურისტი ანა არგანაშვილიც. მისი განცხადებით, ამ სიახლის გამო დიდი რაოდენობის საჩივარი დაიწერება და საინტერესოა, რა აკომოდაციას სთავაზობს სახელმწიფო სტუდენტებსა და სასამართლოებს. ანა არგანაშვილის თქმით, არასამთავრობოები უნდა მოემზადონ, რომ აბიტურიენტებს იურიდიული დახმარება გაუწიონ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველთან“ ამ თემაზე საუბრისას განმარტა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წესების შესამუშავებლად განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად მუშაობდა. მათ შორის გამოცდებზე პირბადის ტარებაზეც მიმდინარეობდა მსჯელობა. თუმცა, საბოლოოდ შეჯერდნენ იმ გადაწყვეტილებაზე, რომ აბიტურიენტებისთვის გამოცდის ჩაბარებისას პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. მისივე თქმით, მეორე ვარიანტი გამოცდების გადადებაც იყო.

განიხილავს თუ არა სამინისტრო ალტერნატიულ ვერსიას ან იგეგმება თუ არა აბიტურიენტების პროტესტის ფონზე წესების შეცვლა, ჯერჯერობით, უცნობია.

თამარ ჩხიკვაძე