

შვიდი წელია, ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ოჯახის ექიმი თამარ გველესიანი ზრუნავს. ქალბატონი თამარი ხარაგაულში დაიბადა და გაიზარდა. დაამთავრა ხარაგაულის #2 საშუალო სკოლა, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი. თავიდან სამედიცინო საქმიანობა კიცხის საექიმო ამბულატორიაში დაიწყო.
შემდეგ ზესტაფონში მუშაობდა სხვადასხვა უბანზე. 2007 წლიდან დღემდე ხუნევის საექიმო ამბულატორიის ოჯახის ექიმია და ხუნევის, ვერტყვიჭალის, ვერტყვილას, ბჟინევის, გედსამანიის სოფლების მოსახლეობას ემსახურება.
თამარ ექიმი ამბობს, რომ რელიეფის გამო რთულია სოფლებში გადაადგილება და მოსახლეობასაც უჭირს ამბულატორიაში მისვლა. „ამის მიუხედავად პაციენტთა მხრიდან მომართვიანობა არის, – ამბობს თამარ ექიმი, – მეთვალყურეობას ვუწევთ და ვმართავთ ქრონიკულ დაავადებებს. საჭიროების შემთვევაში ვაგზავნით ნევროლოგთან, კარდიოლოგთან და ენდოკრინოლოგთან, მწვავე დაავადებების დროს – სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.
ჩვენ ვაწარმოებთ იმუნიზაციას – გეგმიურ აცრებს ეროვნული კალენდრის მიხედვით. ამჟამად ტარდება მასობრივი იმუნიზაცია წითელა-წითურა-ყბაყურაზე. ამბულატორიის ექთანი მზია ლურსმანაშვილი ყოველდღე ამბულატორიაშია, აწარმოებს აცრების კონტროლს და ქრონიკული დაავადებების მართვაშიც მეხმარება.“
თამარ ექიმის განმარტებით, ძირითადად პაციენტები გულის იშემიურ და ჰიპერტონულ დაავადებებს უჩივიან. „სოფლად მცხოვრები მოსახლეობა მუდმივად აქტივობს ფიზიკურად, სულ დატვირთულები არიან, – ამბობს თამარ გველესიანი, – საკვებსაც უფრო ჯანსაღს მიირთმევენ. სოფლის მოსახლეობას, ქალაქში მაცხოვრებლებთან შედარებით, ზედმეტი სიმსუქნე და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა შედარებით ნაკლებად ახასიათებთ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ მედიკამენტური მკურნალობა, როცა რაიმე დაავადება აქვთ ჩამოყალიბებული, სისტემატურად წამლის მიღება, უჭირთ.
ჰიპერტონიით დაავადებულებს წნევის კონტროლისთვის წამალი მუდმივად სჭირდებათ. ჰგონიათ, რომ ერთხელ წამლის დალევა საკმარისია. ამ შემთხვევაში ოჯახის ახალგაზრდა წევრებს ვრთავთ მათ დასათანხმებლად.“
თამარ გველესიანის თქმით, მაისიდან შედარებით გაუმჯობესდა ოჯახის ექიმის მდგომარეობა – დაუმატეს თანხა ხარჯებისთვის და გადასცეს ექიმის ჩანთა უსასყიდლოდ, რომელშიც პირველადი დახმარების მედიკამენტები და სამედიცინო საგნებია.
„ერთ-ერთი პრობლემაა, რომ სანიტარი არ გვყავს, – ამბობს თამარ ექიმი, – ხუნევში ორდონიანი ამბულატორიაა და აუცილებლად გვჭირდება სანიტარი. ექიმებმა და ექთნებმა საკუთარი ხელფასით ავიყვანეთ სანიტარი. პრობლემა აისიც, რომ ანგარიშს ვაბარებთ ქუთაისში და იქ 2-3-ჯერ ჩავდივართ.“
თამარ გველესიანი მიესალმება წამლების რეცეპტით გაცემას, რადგან მისივე თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი არარაციონალურად იღებს წამალს ექიმის გარეშე მეზობლის ან ახლობლის რჩევით, რაც არ არის სასურველი პაციენტის ჯანმრთელობისთვის.
„ოჯახის ექიმებს უფლება გვაქვს გამოვწეროთ მეორე ჯგუფის მედიკამენტები. ქრონიკული დავადებების მართვა ძირითადად მეორე ჯგუფის პრეპარატებით ხდება. ამიტომ ასეთი ავადმყოფების ვიზიტი ისედაც აუცილებელია ექიმთან. ექიმებთან მომართვიანობაც გაიზრდება. ჩვენც და პაციენტებიც მივეჩვევით ამ პროცესს და თანდათან ყველაფერი დალაგდება,“ – დასძენს ექიმი თამარ გველესიანი.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,