სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებზე აგრობარათები და საწვავის შესაძენად ფასდაკლების ტალონები იცემა.

აგრობარათების მისაღებად ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს უნდა მიაკითხოთ, ხოლო საწვავზე ტალონებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში მიიღებთ.

საწვავის ფასდაკლებით შეძენა ფერმერებს „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურზე შეუძლიათ.

აგრობარათზე დარიცხული ქულებისა და ბანკში მისვლის თარიღის გაგება წინასწარ, ლიბერთი ბანკის ვებგვერდზეა შესაძლებელი. 

დღეის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ფერმერები აგრობარათით სარგებლობას ვერ შეძლებენ, რადგან პესტიციდებისა და აგროქომიკატების სარეალიზაციო ობიექტებს სურსათის უვნებლობის სააგენტოდან აღიარება არ აქვთ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსი ფიქრია ჭლიკაძე ამბობს, რომ აღიარების პროცედურების გასავლელად ასეთი ობიექტების მფლობელებმა მათ ადგილობრივ სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც აღიარების პროცედურები დაიწყება. ობიექტი სააგენტოსგან დადგენილ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ჩვენგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში ი/მ „მერი მდივნიშვილს“ სააგენტოდან მუდმივი აღიარება აქვს. თუმცა, მან აგრობარათების განაღდების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

პირობითი აღიარება აქვს ერთ-ერთ ხარაგაულელ ინდმეწარმეს. როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტოდან განგვიმარტეს, პესტიციდებითა და აგროქომიკატებით მოვაჭრეებს მუდმივი აღიარების დოკუმენტი სჭირდებათ.

სურსათის უვნებლობის სააგენტოსთვის დღეს აპირებს მიმართვას ხარაგაულში პესტიციდებითა და აგროქომიკატებით მოვაჭრე ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონე.

გთავაზობთ იმ მომწოდებლების სიას, სადაც აგრობარათით სარგებლობას შეძლებთ.

ნინო კაპანაძე