ყოველი წლის სექტემბერში ათასობით ბავშვი უბრუნდება სწავლის პროცესს, ზოგი პირველად შედის სკოლაში, ბაღში. თუ როგორ აეწყობა მათი სასკოლო ცხოვრება, ბევრადაა დამოკიდებული ბავშვის ჯანმრთელობაზე.

სკოლაში წასვლამდე მშობლები უნდა დაინტერესდნენ, თუ რამდენად მძიმეა ბავშვის ზურგჩანთა. ჩანთის წონა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის წონის 10-20%-ს. ჩანთას უნდა ჰქონდეს განიერი სამხრეები, რაც წონის შემსუბუქების საშუალებაა. გასათვალისწინებელია ის სავალდებულო გარემოებაც, რომ სკოლაში წასვლამდე ბავშვს ყველა სავალდებულო აცრა უნდა ჰქონდეს ჩატარებული, რათა დავიცვათ ყველაზე გავრცელებული მართვადი ინფექციებისაგან.

თავს იჩენს აგრეთვე სხვა პრობლემებიც, – დაუპატიჟებელი სტუმრები (ტილები) კარგად მოვლილ ბავშვსაც შეიძლება გაუჩნდეს. ეს პარაზიტი არც ხტუნავს, არც დაფრინავს, მხოლოდ დაღოღავს, მაგრამ ერთი თავიდან მეორეზე შესაშური სიმარდით ძვრება. ტილები სისხლს დღეში რამდენჯერმე წოვენ, თვითონ კბენა უმტკივნეულოა, მაგრამ პარაზიტის ნერწყვი ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს და ქავილს იწვევს. ქავილის დროს, გამორიცხული არ არის, ნაკბენში ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს. პედიკულოზი არც ისე ძნელი დასამარცხებელია. მისი საწინააღმდეგო პრეპარატები ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. უბრალოდ, სიფრთხილე გმართებთ, ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის დაცვა. დიეტოლოგთა ოქროს წესია დღეში სამჯერადი კვება და საკმარისი რაოდენობით სასმელი წყლის მიღება. უნდა მიირთვან რაც შეიძლება ბევრი ხილი და ბოსტნეული, მოერიდონ ზედმეტად ცხიმიან და შემწვარ საკვებს. ბავშვმა არ უნდა გამოტოვოს საუზმე. ასევე სავალდებულოა ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და ძილი მინიმუმ 8 საათი.

სხეულის არასწორი აღნაგობა ხშირად ადრეული ასაკიდან იწყება და სასკოლო პერიოდში გრძელდება. სქოლიოზი (ხერხემლის ფრონტალური გამრუდება), რომელიც ვლინდება სასკოლო ასაკში, სასკოლო სქოლიოზს ეძახიან. ის ხასიათდება ხერხემლის გულმკერდის ნაწილის გამრუდებით. მოსწავლეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხედან ისეთ პოზაში, როდესაც მარჯვენა ბეჭი მარცხენასთან შედარებით უფრო წინ და მაღლა არის აწეული, ხოლო ტანი შემოტრიალებულია მარცხნივ. ეს ასიმეტრიული პოზა და ხერხემლის კუნთების სისუსტე იწვევენ სქოლიოზს. სქოლიოზი პირველი ხარისხის შემთხვევაში პრაქტიკულად არ ჩანს, ხოლო მესამე და მეოთხე ხარისხის შემთხვევაში ძვალ-კუნთოვანი სისტემა ძლიერად არის დეფორმირებული. იმისათვის, რომ ბავშვს არ განუვითარდეს სქოლიოზი, საჭიროა, რომ ის რაც შეიძლება აქტიურად მოძრაობდეს. ამის გარდა მერხი უნდა პასუხობდეს ბავშვის სიმაღლეს. მერხთან ჯდომისას ბავშვის ზურგი აუცილებლად სკამის საზურგეს უნდა ეხებოდეს, მისი ზედაპირი 2-3 სმ-ით მაღალი უნდა იყოს ბავშვის იდაყვზე. კითხვისას წიგნი 30-40 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული და სინათლე მარცხნიდან უნდა ეცემოდეს. ბავშვმა ასევე უნდა დაიცას კომპიუტერთან ჯდომის ჰიგიენა. მონიტორთან ჯდომისას ყოველ 30 წუთში ერთხელ საჭიროა 2-3 წუთიანი შესვენება, მცირე ხნით მხედველობის კონცენტრაცია შორეულ საგნებზე, თვალებიდან მონიტორამდე უნდა დაიცვათ 50-60 სმ-იანი დისტანცია. დაუშვებელია ცუდი განათების პირობებში კომპიუტერთან მუშაობა, საჭიროა მოზარდმა კომპიუტერთან მუშაობის დრო შეზღუდოს. მხედველობის გაფრთხილების მიზნით ასევე არ შეიძლება დაწოლილი კითხვა და ტელევიზორის ყურება.

ჯანმრთელობის წინაპირობა სისუფთავის დაცვაა: აუცილებელია კბილების მოვლა, ხელების დაბანა, რომელიც მრავალ დაავადებას აგვაცილებს თავიდან.

პირის ღრუს მოვლა ჩვენი ცხოვრების გადაუდებელი და აუცილებელი ნაწილია. კბილების ჰიგიენა განაპირობებს პირის ღრუს, კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობას, რაც მომავალში თავიდან აგაცილებთ კარიესს, უსიამოვნო სუნს პირის ღრუში, სხვადასხვა სახის ანთებებს და სიმსივნეების განვითარების რისკებს. აუცილებელია კბილების გახეხვა დღეში 2-ჯერ, დილით საუზმის შემდეგ და საღამოს ძილის წინ. ჯაგრისი უნდა იყოს ასაკის შესაბამისი, რბილი, ნეილონის მრგვალი ბოლოებით, უნდა შეირჩეს ბავშვისთვის განკუთვნილი პასტა. გახეხვა უნდა მოხდეს წინ და უკანა ბრუნვითი მოძრაობით გაიხეხოს კბილის ყველა ზედაპირი; ჯაგრისი დაახლოებით 450-იანი კუთხით უნდა იყოს დახრილი. სასურველია ჯაგრისის შეცვლა 1-2 თვეში ერთხელ.

ასევე მნიშვნელოვანია სუფთა ხელები. ხელები უნდა დაიბანოთ:

-სახლში შესვლისთანავე, საიდანაც არ უნდა ვიყოთ მოსულები (სკოლა, ბაღი, ეზო);

-ჭამის წინ და მის შემდეგ,

-ტუალეტით სარგებლობის შემდეგ,

-ცხვირის მოწმენდის, დაცემინების ან დახველების შემდეგ,

-ნაგავთან შეხების შემდეგ,

-ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ.

ხელების დაბანა ინფექციური დაავადებებისაგან თავდაცვის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა.

წარმატებული და ჯანსაღი სასწავლო წლისათვის ბავშვებმა უნდა შეძლონ სიჯანსაღის შენარჩუნება.

თათია ბლუაშვილი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი